понедельник, 7 января 2013 г.

განათლება ქართულად


დეკემბერია. საძულველი სამაგისტრო პროგრამის მესამე სემესტრი დასასრულს უახლოვდება, სულ რამდენიმე დღეში გამოცდების განრიგსაც გამომიკრავენ და დასრულდება კი არა, აღსრულდება! ( სამაგისტრო ნამუშევარს თუ არ ჩავთვლით).
არაერთხელ უკითხავთ რატომ ჩააარე თუ არ გინდოდაო.
ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის აღების შემდეგ, ჩემშიც გაიღვიძა „მეტიჩრობამ“ – „დედიკო და მამიკოს მაგისტრის დიპლომიანი გოგო უნდა ვიყო“, და ღამენთევი რისი ვაივაგლახით ავედი სასოფლო უნივერსიტეტის კიბეებზე სამაგისტრო ზოგადი უნარების ჩასაბარებლად. 48 ქულა ავირე, ანუ სახელმწიფო დაფინანსება ვერ მივიღე. საბუთები თსუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე, მედია და ახალ  ტექნოლოგიებზე,  შევიტანე და დათქმულ დროს მაღლივის ბიბლიოთეკაში შიდა გამოცდის ჩასაბარებლად მივედი. საგამოცდო საკითხად, თავისუფალი ესეს სახით, საქართველოში ჟურნალისტური ეთიკის დახასიათება მომივიდა.
რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ საგამოცდო დარბაზში გეომეტრიული სიზუსტით განლაგებული სტუდენტების და იშვიათად ფურცლის გაშრიალების მიუხედავად დავიწყე, minore ლექციაზე, ქალბატონი მარინას საუბრის გახსენება ჟურნალისტური ეთიკის შესახებ. მეექვსე კორპუსის გადაჭედილ აუდიტორიაში, მეოთხე კორპუსში აფრენილი  ბუზის ხმაც კი ისმოდა ხოლმე.
ქსერო-ასლიც კი გამახსენდა, რამდენიმე გვერდიანი კონსპექტი იყო. აი, კიდევ ერთი უკიდურესობა ქართული სწავლის სტილში - კონსპექტები, ქსეროქსები, რომელთაც არასდროს ვკითხულობთ.
ისევ ჟურნალისტური ეთიკა!  ავტობუსში ფეხზე მდგომი ვკითხულობ რაღაცას და ჰოი საოცრებავ, გამახსენდა რომ საქართველოში ჟურნალისტური ეთიკის ნორმები ვაი რომ არ არის დაცული და გამოცდას ვაბარებ.
შემდეგი ეტაპი - გასაუბრება.
-თათია ხომ? რატომ ეს სფერო? - მეკითხება ბ-ნი, სახელი არ მახსოვს და მიღიმის. ოთხი სხედან და ჩემს პასუხს ელოდებიან.
პირევლი კურსის პოლიტოლოგიის წარუმატებელი კონფერენცია მახსენდება, სადაც მომზადების მიუხედავად ვერ შევძელი წარმატებული პრეზენტაციის ჩატარება. მოგვიანებით კიბეებზე ჩამომჯდარს და მუხლებზე ნიკაპჩამოდებულს მოხუცი პროფესორი (როგორც შემდეგ გავიგე) მომიჯდა გვერდით. საიდან მიხვდა? ეტყობა შუბლზე მეწერა, რომ ტრიბუნასთან ავბლუკუნდი. დამარიგა, საკუთარი თავის პრეზენტაციისას წარმოიდგინე, რომ სადმე ყანაში იმყოფები, გარშმომყოფები კი კვახები არიანო,  და ისაუბრე გაბედულად და კომპლექსების გარეშეო. დიახ, სწორედ ასე მითხრა, კვახებიო!
ისევ გასაუბრებას დავუბრუნდები. ნეტავ იცოდეს იმ პროფესორმა რამდენჯერ დამეხმარა მისი რჩევა ცხოვრებაში და ალბათ კიდევ ბევრჯერ დამეხმარება.
„რატომ ეს სფერო?“ რა შეკითხვაა?! როგორ ავუხსნა, რომ სულით გაზარმაცებული ჟურნალისტი ვარ?! ბანალურია? კი!  ჯანდაბას, ხომ გაეცინებათ რომ ვუთხრა პატარაობისას სარკესთან ვიდექი  დედის სავარცხლით და გადაცემა მიმყავდათქო. გაეცინებათ? გაეცინოთ!
მოკლედ, კვახებად წარმოდგენა არ შევკადრე, მაგრამ სრული თავისუფლებით მოვყევი თუ „რატომ ეს სფერო“. ერთის უემოციო სახე, აი ისეთი, ცხვირზე კოღო რომ დააჯდებათ და  მაინც  არ იცვლიან გამომეტყველებას. მეორე თავაუღებლად რაღაცას წერდა. მესამე, როგორც მახსოვს ბორდის „მთავარსარდალი“ იყო და ბოლოს შეკითხვის ავტორი, რომელიც დანიშნულების გარეშე მიღიმოდა.
მოკლედ, ჩავაბარე.
თუმცა იმ ეტაპზე ჩემმა ხელფასმა სწავლის საფასური ვერ გადაჩრდილა და ამდენად, „ნანატრი“  მაგისტრის ხარისხი მოგონებებს მიბარდა.
მთელი ერთი წელიწადი ვფიქრობდი, რომ საქართველოში არასდროს ვისწავლიდი. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე ჩამებარებინა რომელიმე „ჯანდაბას სულ ერთია ოღონდ პროგრამა იყოს“ სპეციალობაზე, რომ სტუდენტის სტატუსით ქვეყნიდან გასვლა უფრო გამიოლებოდა.
გასული წლის ზოგადი უნარების ქულით და შიდა გამოცდამდე ზუსტად ორი კვირით ადრე, აქაოდა შიდადაფინანსების მოპოვების სურვილით, ჩავიკეტე სახლში და მოცემული სპეციალობის ყველა ბილეთი შევისწავლე.
არ თქვათ რომ მონდომება არ ჭრის!  99 ქულა და 100%-იანი დაფინანსება ავიღე.
რომ მცოდნოდა, ქვეყნიდან გასვლას მაინც ვერ შევძლებდი, და მითუმეტეს რომ მცოდნოდა რა მელოდა, ალბათ ასე ძალიან არ გამიხარდებოდა.
აღმოჩნდა, რომ სპეციალობა ზუსტი გათვლით ამირჩევია. არცერთი პრედენდენტი და ერთადერთი სტუდენტი დაახლოებით 100 კვ.მ-იან აუდიტორიაში.
წელიწადნახევარი ლექციებზე სიარული მხოლოდ პატივისცემის ნიშნად და ლექციებზე ყოფნისას ბლოგის  წერა.
მოკლედ, საზღვარგარეთ სასწავლებლად ვერ წავედი L და მხოლდო მესამე სემესტრში გავაცნობიერე რომ მაგისტრის პასუხისმგებლობა ლოდივით მაწვა კისერზე.
ადრიან დილით ლექციებისთვის მაღვიძარით გაღვიძებული იმ ბავშვებზე ვფიქრობდი, რომლებსაც ამ სპეციალობაზე ძალიან უნდოდათ სწავლა, მაგრამ დაბალი ქულების ან(და) გრანტის ვერ აღების გამო ვერ შეძლეს. მე კი, გარემოებების გამო კი არ ვსწავლობდი, არამედ მივეთრეოდვსწავლობდი.
ბოლოს ლექციაზე შესულმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ გავაცნობიერე თუ რატომ არ მესმოდა ლექტორის მისალმება და საუბარი ტუჩების მოძრაობის მიუხედავად. ექვსიოდე წუთის შემდეგ მივხვდი რომ ყურთსასმენები თურმე ჯერ არ მომეხსნა და აი, მანდ შემრცხვა. მართალია თმებმა ყურთსასმენები დამალა, მაგრამ მაინც შემრჩხვა. შემრცხვა ლექტორის, უნივერსიტეტის, ბავშვების რომლებიც სწავლაზე ოცნებობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ საკუთარი თავისაც კი შემრცხვა. სწორედ იმ წუთს გავაცნობიერე (ეს უკვე მერამდენედ!), რომ საქარველოში სიტყვა სწავლის მსგავსი ჩემთვის არ იარსებებდა.
სანატრელ ქვეყანაში, სანატრელი განათლების მიღების და ხსნის იდეა ვერ შედგა. ახლა, როცა ბოლო სემესტრის გამოცდებისთვის კიდევ ერთხელ უნდა გავიზუთხო ის რაც საერთოდ არ მაინტერესებს და შემდეგ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა  დავიწყო, რომლის სახელწოდებაც კი არ მახსოვს, ვხვდები რომ ორიდან ერთია - ან ძალიან შარში ვარ, ან ძალიან გამიმართლა და ქართული პრიმიტიული აზროვნებისთის სასურველი, მიზანშეწონილი და რომელიმე თაროზე შემოსადები „ერთი მაგისტრის ხარისხი მაინც როგორ არ უნდა ჰქონდეს“ მაქვს.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გამიხარდება ამ  ხარისხის აღება - ის, არც მეტი არც ნაკლები, სწავლის დამთავრების მანიშნებელი იქნება!
უკანმოუხედავად ჩამოვალ კიბეებიდან!

პროფესიად ქცეული შემწეობის თხოვნა


მახსოვს ერთხელ სამსაურიდან გამოსული რედაქტორი, ჟურნალისტი და მე - ვითომ ჟურნალისტი, გზად განვიხილავდით რუსთაველის მეტროსთან მდგომი შავკანიანის „დამეხმარე please, დამეხმარე გთხოვ“ თემას.  დაუსაბუთებლად და ალალად ვთქვი, რომ მას ფულს არასდროს მივცემდი. ნათია გამომეპასუხა:
-რასისტი ხარ?
-არა, უბრალოდ ჯანმრთელია, აქვს ორი ფეხი, ორი ხელი. წავიდეს და იმუშაოსთქო.
ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა ზოგადად შემწეობის მთხოვნელების მიმართ. არასდროს ვეხმარები კაცებს და თუნდაც ქალებს, რომლებსაც ერთი შეხედვით ეტყობათ, რომ მუშაობა შეუძლიათ, მაგრამ თავის არატკიებით და ყველაზე მარტივი გამოსავლით უბრალოდ ხელს იშვერენ და დამეხმარეო გეუბნებიან.
ახლა, რომელიმე ღრმადჰუმანური და ლიბერალი წაიკითხავს ამას და, ყველაზე ცოტა, მაგინებს!
რედაქტორმა სოციალური თემატიკის ფარგლებში სწორედ ამ ბიჭთან გაუშვა ერთი ჟურნალისტი სტატიის მოსამზადებლად. Tribuna.ge-ზე ვსაუბრობ, რომელიც უკვე აღარ არის.  ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო სტატია გამოვიდა. ქვეყნის შემწეობისმთხოვნელმა სტუმარმა ჩვენი ჟურნალისტი ჯერ „არასამუშაო“ საათებში დაიბარა სასაუბროდ და შემდეგ  ზუსტად აუხსნა, თუ რატომ ითხოვდა დახმარებას. თურმე სხვა სამსახურებშიც უცდია ბედი, მაგრამ ცოტას უხდიდნენ. მსგავსი მოქნილი გრაფიკი კი მისთის მისაღები ყოფილა, თან როგორც უთქვამს „კარგად შოულობს“.
მე ცხოვრებისგან გაბოროტებულს და „ჟმოტს“ მიმაჩნია,  რომ შრომისუნარიანი ადამიანი დახმარებას კი არ უნდა ითხოვდეს, არამედ თვითონ ეხმარებოდეს სხვას. შეიძლება, მათი განსჯით ვცოდავ კიდეც.
პატარა ვიყავი, როცა დიდუბის მეტროში ერთი მოხუცი ქალი შემწეობას ითხოვდა. ფიზიკურად ბებიაჩემს მივამგვანე და სწორედ ამისტომ დამამახსოვრდა. რამდენიმე თვის შემდეგ ისევ შევხვდი ამ მოხუცს, თუმა ამჯერად მზესუმზირასა და მიწის თხილს ყიდდა. მგონი არ არის საჭირო ახსნა, თუ რატომ გავიხსენე ეს - მან სიდუხჭირის მიუხედავად „ეს“ პროფესიად არ გაიხადა. მოქალაქეების შემწეობა გრანტის სახით მიიღო და მიზერული, მაგრამ მაინც, იგივე ლუკმა პურის საშოვნელად ბიზნესი  წამოიწყო.
ჯამში, ალბათ ორჯერაც არ მიმგზავრია მეტროთი ხელგამოწვდილ ბავშვებს -„ზედამხედველითურთ“ ან ქალებს - ბავშვებითურთ არ ჩამოევლოთ. ვიღაც ამ დროს ჯიბეს მოიქექავს, ხურდას იპოვის და გაუწვდის. ზოგიერთი იგივეს გაკეთების შემდეგ თავმომწონედ სხვას გახედავს გამომეტყველებით - „მე დიდსულოვანი ვარ, აბა შენ თუ გააკეთებ იგივესო“. ვფიქრობ, დიდსულოვნება ზოგჯერ მეტიჩრობის და თავის „წარმოჩენის“ საშუალებად იქცა!
რატომღაც თანაგრძნობით ისინი უფრო მავსებენ, ვინც ათთეთრიან საწერ კალმებს ოცთეთრად ყიდის და დახმარებას კი არ გთხოვს, არამედ თვითონ გამოიმუშავებს!
საერთოდ არაფერს ვამბობ იმ პატარებზე, რომლებიც ფულის არმიცემის შემთხვევაში ფურთხით გემუქრებიან!
ამას წინათ, „კიდობანთან“ „სვეცკმა“გოგომ და ორმა ბიჭმა გადამისწრეს. იქვე მდგომი შემწებისმთხივნელი გადაუდგა და შემწეობა “სთხოვა“. გოგომ მოიშორა და მერე ბიჭებს გადაულაპარაკა: მერამდენე წელიწადია ეს ქალი აქ დგას, უკვე პროფესიად ექცაო!
მე ხომ ჰუმანური და ლიბერალი ვარ და ეს სიტყვები ცივი იარაღივით გამესო. მერე დავუფიქრდი და სადღაც, ალბათ სიბოროტის სხვენის კუნჭულში  ყოველგვარი დიდსულოვნების ნიღბის გარეშე ეს გოგო მართალი მეჩვენა.
პირველ კურსზე სწავლისას, მაშინ როცა უნივერსიტეტის სტიპენდია სრულიად არასაკმარისი იყო, კურსელები განვიხილავდით ალტერნატიულ სამსახურებს. მახსოვს, ერთმა თანაკურსელმა თქვა,  Mcdonalds-ში ვერ დავიწყებ მუშაობასო, მიზეზით - ჩემმა რომელიმე ნათესავმა რომ დამინახოს სირცხვილისგან დავიწვებიო.
WTF?
ამ ბოლო დროს უმუშევრობა განსაკუთრებით მტკივნეული გახდა ჩემთვის და სწორედ ამიტომ დავიწყე განსაკუთრებული ფიქრი ამაზე. თქვენ წარმოიდგინეთ დასკვნამდეც მივედი: საქართველოში უმუშევრობა კი არა ზოგადად ამ საკითხისადმი დამოკიდებულებაა პრობლემა. შესაძლოა, არამხოლოდ საქართველოში, რადგან მიუხედავადვ უკუდოამპარტავნობის რეკორდსმენობისა, ეს არამხოლოდ ქართული, არამედ სრულიად კაცობრიობის დამახასიაათებელი პრობლემაა.
რაღაც მინდა შეიცვალოს, არ მინდა ამდენი შემწეობისმთხოველი იჯდეს ქუჩაში! მოხუცები - ოჯახებში თუ არა მოხუცებულთა თავშესაფრებში მაინც; ბავშვები - მშობლებთან თუ არა ალტერნატიულ საცხოვრებლებში მაინც, რომ ქუჩიდან წამოსვლის ალტერნატივა და შესაბამისად მეტის შესაძლებლობა გაუჩნდეთ. რაც შეეხება შრომისუნარიან ქალებს და კაცებს - დასაქმების პერსპექტივა, თუნდაც ქუჩაში დგომაზე და სხვის წამოყვედრებულზე ოდნავ კარგი მაინც.
ადამიანს, რომელიც სხვას სთხოვს, მიზეზისდა მიუხედავად, უნდა დაეხმარო! მაგრამ ბოლომდე ვერც ჰუმანური და ვერც ბოროტი ვარ, რომ მათ ქუჩიდან წასვლის პერსპექტივა წავართვა - შთაბეჭდილებაშექმნილებს, რომ აქ თავს ისედაც კარგად გრძნობენ...    

ის ფერეიდნელი ქართველია და სამსახურს საქართველოში ეძებს


 „მე ირანის ქარტველი ვარ(ფერაიდანის კარტველი) მე ეკექტირიკალი ინჯინიარი ვარ 10 წელია რო ეს ჩემ ვაკანსია.და ჩემ მოშავიბა plc &cnc&...ყუფილა.და მე დამიწყუფ რო გამოვიდე საკარტველოშ.მადლობთ რო მიფასოხებთ.“ – შაბათი დილის  „ფრენდის პოსტი“.
მშობლიური ანბანის არამშობლიურ წყობაში ქართულად ამოკითხულმა გამცრა. „ფერეინდელი ქართველი“ სიტყვათა წყობა, რომელიც ალბათ ყველაში ძალიან ღრმად აღწევს.
ფერეიდანი, პროვინცია ირანში  სადაც მე-17 საუკუნეში შაჰ-აბას I-მა საქართველოდან, კერძოდ კი კახეთიდან, იძულებით აყრილი ათასობით ქართველი ჩაასახლა. ისტორიის მიხედვით შაჰის გაბოროტებული ქმედება პოლიტიკური სარჩულით -ქართველთა ასიმილაციითა და ურჩობის გატეხვით - იყო მოტივირებული. ეს მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე. რეალურად კი, ათასობით სახლს მოწყვეტილი ადამიანი უფრო დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა ვიდრე პოლიტიკური ჭადრაკის დაფაა.
ერთეული პოლიტიკური სუბიეტების გამო ქართველის ცხოვრების დანგრევა  უჩვეულო ნამდვილად არ ყოფილა და არც ახლა არის. თუმცა აქ სულ სხვა რამ მაოცებს. ადამიანები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში მუსლიმანური ზეგავლენის თუ არა, უბრალოდ საცხოვრებელი გარემოს მიუხედავად არ დაკარგეს ქართველობა და დღემდე შენატრიან „ქართულ მიწას“.  თავს კი დღემდე „ფერეინდელ ქართველად“ მოიხსენიებენ. როგორ უნდა გიყვარდეს და შენატროდე იმას რასაც არ იცნობ?! თუმცა სწორედ ეს არის ადამიანის თვისება - შეუცნობლისადმი სწრაფვა!
დანგრეული ქართულით, დასაქამების  ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიწერილმა წერილმა სწორედ ამიტომ დამაფიქრა. ადამაინი, რომელიც ათი წლის განმავლობაში საკუთარი პროფესიით ცდილობს ტრადიციებში და თაობიდან თაობაში სიტყვიერად გადმოცემულ სამშობლოში დაბრუნებას. მეორე საკითხია, იცის თუ არა მან, რომ საქართველოში უმუშევრობა ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად ითვლება და ელექტო ინჟინრების დასასაქმებელი და დაუსაქმებელი ჯარი დგას  „ელიავაზე“ და არამარტო მანდ.
და ეს მაშინ, როდესაც საქართველოში თითქმის ყოველი მეორე  ოჯახის ერთი წევრი მაინც მსოფლიოს თითქმის ყოველ კონტინენტზეა მიმოფანტული, ზოგიერთი არა ლუკმა პურის საშოვნელად, არამედ მიზეზით რომ თავისსავე ქვეყანაში ელექტრო ინჟინრის ან დალაქის შემოსავალმა უბრალოდ პატივმოყვარეობა ვერ დაუკმაყოფილა.
გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, შეიძლება უსამართლო მაგრამ მაინც...
ის ფერეინდელი ქართველია და სამსახურს საქართველოში ეძებს... 

ანატორის აკლდამები – თვითდამარხვა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად


კავკასიონს მიღმა, შატილიდან დაახლებით სამ კილომეტრში, მეფის რუსეთის საზღვართან ახლოს,  მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან მდებარეობს ანატორის აკლდამა. გადმოცემის თანახმად, ჯამმოდებული სისაურების გვარის სოფელიდან, რომელიც დაავადებამ დაახლოებით XVI-XVIII საუკუნეებში იმსხვერპლა,  სნეულები აკლდამაში მიდიოდნენ და განმარტოებით ელოდნენ სიკვდილს. მოტივაცია სხვისთვის სიცოცხლის შენარჩუნება იყო.
თაობებით შემონახული გადმოცემის თანახმად,  სოფელში სიკვდილიანობა ისე მოხშირებულა, რომ დასაფლავებას ვეღარ ასწრებდენენ.  მოგვიანებით კი აღმოჩინეს,  რომ დაავადება მიცვალებულებისგანაც ვრცელდებოდა. სწორედ ამან განაპირობა აკლდამების აგება. ნაგებობებს შიგნიდან თაროების მსგავსი საწოლები ჰქონდა, საიდანაც ძველ ძვლებს ასვენებდნენ და მომაკვდავები წვებოდნენ.
უცნაური სანახავია აკლდამები, რომელსაც მე უფრო სიკვდილთან ტრაქტატს ვუწოდებდი... სადაც მხოლოდ ძვლებიღაა შემორჩენილი. თუმცა მეტყველი ძვლები, რომლებიც ცოცხალ ადამიანზე მეტს ამბობენ. წელიწადზე მეტი გავიდა აკლამების მონახულებიდან და ახლაც ბევრს ვფიქრობ ამაზე...
აკლდამის გარშემო მრავალი პიროვნული ისტორია იყრის თავს.  ერთ-ერთის თანახმად, ერთი დასნეულებული მოხუცი აკლდამაში თავისივე ჩონგურით ჩასახლებულა. ცოცხალი საფლავიდან  ჩონგურის ხმა ისმოდა, რაც მოხუცის არსებობაზე მიუთითებდა... ჩონგურის სიმების დადუმება კი მოხუცის სიკვდილის მანიშნებელი ყოფილა.  გიდმა მოგვიყვა, რომ აკლდამაში შემორჩენილი ყოფილა დედის ჩონჩხი, რომელსაც ხელში, აკვნით, ჩვილი ბავშვი ეჭირა.
ერთი შეხედვით  ძვლებით სავსე რამდენიმე ნაგებობა ინახავს თავგანწირვის ისტორიას ადამიანებისა, რომლებმაც სხვისი კეთილდღეობის მიზნით თავის ცოცხლად დამარხვა გადაწყვიტეს. დამარხო საკუთარი თავი ცოცხლად, მიზეზით რომ სხვას შეუნარჩუნო სიცოცხლე, ალბათ ძალიან რთულ, გაბედულ და ვაჟკაცურ ნაბიჯს მოითხოვს, რომელიც ყველას არ შეუძლია... ამბობენ მთის სული განსაკუთრებით მტკიცე და ურყევი არისო.
დავინტერესდი, რაიმე მაკონტროლებელი ნორმა თუ არსებობდა, რომელიც ამ ადამიანებს იძულებულს ხდიდა ან ავალდებულებდა ეს გაეკეთებინათ... სამწუხაროდ მსგავსი ისტორიული წყარო არ არსებობს. მხოლოდ აკლდამები შემორჩა თაობებს, რომელთა ხმამაღალ ისტორიას ძვლები წერენ.
ცოცხლად თვიდამარხული ადამიანების უკვე ნაწილებად ქცეულ ძვლებს ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, ოღონდ თვითონაც არ ვიცი რას! ვერც ახლა ვხვდები! ალბათ იმიტომ რომ ატანის და გატანის ეპოქაში აღარ ვცხოვრობთ, ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ და კიდევ, ალბათ იმიტომ, რომ ცნებებს „სიყვარული“, „მეგობრობა“, „თვითგანწირვა“, „ერთგულება“, „ატანა“, „გატანა“, „დიდსულოვნება“, „ვაჟკაცობა“ და ა.შ მხოლოდ პირობითი მნიშვნელობით ვიყენებთ. ან საერთოდ არ ვიყენებთ!


გერმანელის ქართული ღვინო


შატო „ვინოტერას“  ვერანდაზე ვიჯექი და ნისლით დაფარულ ჰორიზონტს გავყურედი. მითხრეს, ბოლოს კახეთში მომხდარი სტიქიის გამო ალაზნის ველზე ვენახები განადგურებული არისო. წარმოდგენილი მქონდა ჰექტარებზე გადაჭიმული ვენახები, მიუხედავად იმისა რომ ნისლი მათი ხილვის საშუალებას არ მაძლევდა.
USAID-ის „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის“ ორგანიზებით ღვინის ტურიზმის გასაცნობად მოწყობილ მედია ტურს ღვინის ტრადიციის სამშობლოში გერმანელმა მეღვინემ უმასპინძლა.
შუხმანის ღვინის წარმოებაში მისვლამდე, გზად ალავერდის სამონასტრო კომპლექსი მოვინახულეთ და ბერების მიერ დამზადებული ქვევრის ღვინის ტრადიციულ კულტურას გავეცანით.
საქართველოს სავიზიტო ბარათად ქცეული ქვევრის გამოყენების წესი ალბათ ქართველთა უმრავლესობისთვისაც არ არის ცნობილი. მაგალითად ის, რომ ამ „ღვინის სახლს“ წელიწადში სამჯერ სჭირდება გამორეცხვა, რომელიც ქიმიქატების გარეშე ხდება და ამდენად დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს.
სოფელ კისისხევში, შატო „ვინოტერაში“ ღვინის დეგუსტაციის, მე ვიტყოდი, ღონისძიება სპეციალურად ჟურნალისტებისთვის გაიმართა... შუხმანის ღვინის კომპანიის მეღვინე და მენეჯერმა როლანდ ბურდიაშვილმა ღვინის დაგემოვნებაში დაგვატრეინინგა.  ჭიქას სამჯერ ანჯღრევ, ყნოსავ, აგემოვნებ... არამხოლოდ ღვინის დამზადებას, მის დალევასაც სფეციფიური დატვირთვა აქვს. ჩვენთვის, ქართველებისთვის, თასის და „ბოლო დალიე, შეგერგებას“ მენტალურ ქვეყანაში ალბათ (და უფრო რამდენიმე წლის წინ), ვინმეს უჩვეულოდ მოეჩვენებოდა ღვინის ევროპულად მიღების კულტურა, თუმცა უკვე ამას დიდი სიამოვნებით ვეზიარებით.
ევროპული თეთრი ღვინო, შემდეგ ქვევრის თეთრი ღვინო, საფერავი და ბოლოს ნახევრადტკბილი ქინძმარაული...  ფეხიან ჭიქაში მომწყვდეული ეს წითელი სიცოცხლის სითხე დამსწრეთაგად ყველას დესერტის ასოციაციას უქმნის.
მასზე ამბობენ, 2008 წლის აგვისტოში, მაშინ როცა დღემდე გაურკვეველ ოპონენტთან ხუთდღიანმა ომმა ქვეყანა შოკში, მათ შორის ეკონომიკურ შოკში ჩააგდო, საქართველოში ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტაო.
გერმანელი, რკინიგზის სამრეწველო მენეჯერი, ბურკჰარდ შუხმანი შეკითხვაზე, შეეშინდა თუ არა ასეთი თამამი გადაწყვეტილების, მარტივად პასუხობს: „ვიცოდი რომ ყველაფაერი კარგად იქნებოდა...“
ეს განსაკუთრებით ახლა მენიშნა, როცა ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური ამინდი ინვესტიციებისთვის არც თუ ისე მიმზიდველ გარემოს ქმნის.
გერმანელი მეღვინის გაცნობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირად გამოცდილებამდე დასკვნები არ უნდა გამოიტანო. ბავშვობიდან, მსოფლმხედველობაში გამიჯდა აზრი, რომ გერმანელები ცივი და არასტუმართმოყვარე ხალხი იყვნენ... ალბათ, ეს კიდევ ერთი საბჭოური გადმონაშთი იყო.
ქართული ტრადიცია და გერმანული ტექნოლოგია მეღვინეობისთვის საუკეთესო ტანდემი აღმოჩნდა, ამის საუკეთესო მაგალითი კი ბატონი შუხმანის ღვინოა.
თბილისისკენ მომავალ, ნისლიან გზას მოვუყვებით...
სახლში მისულები კი „შუხმან ვაინზე“ მოვყვებით...


გასული კვირის საუკეთესო მოგონება - შეხვედრა კახა ბენდუქიძესთან



სტატიას ვამზადებ ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის შესახებ და კომენტარისთვის კახა ბენდუქიძეს   ვუკავშირდები. საქართველოდან გასულია და შეტყობინების დატოვება ელექტრონულ ფოსტაზე მიწევს. ერთი კვირის შემდეგ გაოცებული თავლები შუბლზე ამდის, როცა კახა ბენდუქიძის  პასუხს ვხედავ: „თუ ეს საკითხი კიდევ გაწუხებთ, მზად ვარ“. სტატია უკვე გაშვებულია, თუმცა ამაზე ვინ ფიქრობს... პირველი რედაქტორს ვახარე.
აქ გარშემომყოფი საზოგადოება იგებს, რომ კახა ბენდუქიძესთან შეხვედრა მაქვს. ბოლოს, ეთერში გასული „პრეს პრესის“ შემდეგ ემოციები ერთი მეორის ანალოგიურია. უკვე სცენაც გამიცოცხლეს თავლწინ, თუ როგორ გამომაგდებს ბატონი კახა თავისი კაბინეტიდან. რა თქმა უნდა, ჯერ გამოგლანძღავს და შემდეგო, მძაფრი გარემოებებით მიხატავენ სურათს.
მეუბნებიან, რომ კახა ბენდუქიძესთან შეხვედრა დიდი რისკია ჟურნალისტისთვის. მარიგებენ, რომ არაკეთილგანწყობილია ამ პროფესიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოში მას ყველაზე რთულ რესპოდენტადაც კი თვლიან.
ძლიერი და ცნიბილი ჟურნალისტების კომენტარებს ვეცნობი, ისინი თავიანთ, შეიძლება ითქვას, დამარცხებად სწორედ კახა ბენდუქიძის გადაცემაში მოწვევას მიიჩნევენ. მე კი, ეს ახლადგამოჩეკილი და ჯერ ფეხზეარწამომდგარი ჟურნალისტი ვბედავ და...
მაგრამ უკან ვერ დავიხევ...
სწორედ ის შეგრძნებაა, შუქნიშანზე გადასვლისას  გამყოფ ზოლზე რომ იცვლება მწვანე წითლით. უკან დახევას პერპექტივას ვერ ვუწოდებ, თუმცა უკან დახევაც არანაკლები საფრთხის მატარებელია, ისევე როგორც გზის გაგრძელება. გამყოფზე დგომა უმოქმედო ადამიანის შთაბეჭდილებას მიქმნის. ერთადერთი სწორი გამოსავალი გარისკვა და გზის გაგარძელებაა, თუნდაც იმისთვის რომ ადრენალინით სავსე გამარჯვება შეიგრძნო. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სხვა თუ არაფერი,  თქვა რომ უკან არ დაგიხევია!
მისი პრესამსახური მიკავშირდება და შეხვედრას პარასკევს, 18:00-ზე, აგრარულ უნივერსიტეტში მინიშნავს.
ტელეფონს ვთიშავ.
საღამოს სარკის წინ ვატარებ, საკუთარ თავს ვუსვამ შეკითხვებს. საბედისწერო შეხვედრისთვის ვემზადები. ყოველ შეკითხვას ვუღრმავდები და  ყოველი სიტყვის სისწორეში ვრწმუნდები. ასე მგონია, პირველად მივდივარ ინტერვიუზე.
ღამე ვფორიაქობ, ვერ ვიძინებ. წარმოვიდგენ რომ ბატონი კახას კაბინეტში შევდივარ, ვესალმები, თანდართული სავალდებულო ეტიკეტით მადლობას ვუხდი, რომ შეხვედრისთვის დრო გამომინახა. ამ დროს ის ამომხედავს და მეუბნება: შვიდიდან ფესი ამომიღეო! შემდეგ ვხვდები რომ ღამეა, ჩემს საწოლში ვარ და ვმშვიდდები. ფანჯრისკენ გამირბის თავლი, ჯერ არ გათენებულა. საოცარი თვისება აქვს ღამეს - ყოველთვის იცი რომ გათენდება!
ისევ მის მოპირდაპირედ ვზივარ...
-ბატონო კახა, თქვენ გასულ წლებში ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის წინააღმდეგ გამოდიოდით, ამბობდით, რომ ეს სამსახური სახელმწიფოს დამატებითი ხარჯი იქნებოდა. მითუმეტეს ვერ ხედავდით ამ სტრუქტურის შექმნაში აზრს, რადგან ამბობდით რომ ქვეყანაში მონოპოლიები არ არსებობდა. ახლა, როცა ისევ „დღის წესრიგში“ დადგა საკითხი,  რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?
-რა აზრის უნდა ვიყო? თქვენ თუ იცით რამდენია 2-ის ერთი პროცენტი?
მახსენდება რომ სიზმარში ვარ...
თვალებს ვხუჭავ...
მერე ისევ  ვახელ, ისევ ვრწმუნედები რომ ღამეა,  ჯერ ადრეა და ისევ ვიძინებ... ასე დაუსრულებლად...
უკვე სახლიდან გასასვლელად ვემზადები და ამ დროს ზარი. მეორე დღის 17 საათისთვის, თავისუფალ უნივერსიტეტში  გადამიტანეს შეხვედრა. შაბათს კი მირეკავენ და შეხვედრა კიდევ ერთი საათით, 18 სთ-ზე გადააქვთ. გერმანული პუნქტუალურობით, ზუსტად 18 საათზე უკვე თავისუფალ უნივერსიტეტში ვარ.
მისღებში ნახევარი საათი მიწევს ლოდინი და ბოლოს პრესამსახური მანიშნებს რომ „ჩემი დროა“.
გამოღებული კარებიდან ვხედავ წითელ მაისურში ბატონ კახას. გრძელი ოთახია, გრძელი მაგიდით. შევდივარ. პატარა გოგონასთვის უჩვეულო დიდი ნაბიჯებით ვუახლოვდები მაგიდის თავს.  ვესალმები და მადლობას ვუხდი... ის თვალს არ სწყვეტს  „ნეთბუქს“...  კლავიატურის ჩხაკა-ჩხუკი ისმის. შემდეგ ამომხედა და მითხრა: „ბოდიშს გიხდით გუშინდელი შეხვედრის გადადებისთვის“-ო.  ლამის თვალები და ყურები მოვიფშვნიტო... წარმოდგენილი კადრები მერევა თვალწინ და ვხვდები რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და არა „ჟურნალისტმჭამია“...
ინტერვიუ, ქართულად კი საუბარი, შედგა.
ემოციებისგან დამუხტული გამოვდივარ... პირველი რეაქცია - მშვენიერი რესპოდენტია და ვამსხვრევ ყველა სტერეოტიპს.
მხოლოდ გარეთ გამოსული ვხვდები რომ ქურთუკი ჯერ არ მაცვია და მაინც არ მცივა. პირველი რედაქტორს ვურეკავ...



დედა - ჩემი თოვლის ბაბუა


ახალ წლამდე თვეზე მეტია დარჩენილი და საახალწლო „ფეისბუქ“ მოლოდინი, რასაკვირველია, უკვე დაიწყო.  
ამ დღესასწაულთან  ჩემთვის პირველი „კოკა-კოლას“  ასაკოვანი რეკლამა ასოცირდება. ალბათ, ყველას ახსოვს. უბერებელი რეკლამაა, არა „კოკა-კოლასი“ არამედ, ახალი წლის.
„ფეისბუქმა“ მეგობრის ახალი წლის ალბომი ამომიგდო, მისი შარშანდელი კომენტარით -  როგორ შეიძლება ასე გძულდეს ახალი წელიო?!  და მართლაც დავფიქრდი, რატომ უნდა გძულდეს ის, რაც ხალხს თუმდაც რამდენიმე საათით ავიწყებს ყოველდღიურ გაცვეთილ ბრძოლას ცხოვრებასთან და რაც ყველას, თუნდაც ნიღაბამოფარებული მაგრამ მაინც, ბედნიერი ღიმილის უფლებას აძლევს.
პირველი ახალი წელი რომელიც მახსოვს, ომის შემდგომი იყო. მე და ჩემი ძმა სულმოუთმენლად ველოდით  ნაძვის ხის დადგმას. სადღაც წასულმა დედამ დიდი, ფუმფულა და „ნაძვის ხის  სუნიანი“ ნაძვის ხე მოიტანა. მაშინ, რა თქმა უნდა, არ დავინტერესებულვართ მისი წარმომავლობით. ისეთი დრო იყო, წიწვოვანის ნაცვლად ფართოფოთლოვანი ხის დადგმაც არავის გააკვირვებდა. წლების შემდეგ კი სიცილით გვიყვებოდა, არალეგალური ნაძვის ხის ისტორიას.  მას შემდეგ ახალი წელი არ გასულა ამაზე არ გვესაუბრა და გვეცინა. ეს იყო პირველი ნაძვის ხე, რომლის დამსხვრევის არ შეგვშინებია, რადგან არამსხვრევადი, მაგრამ მაინც წვეტებიანი, ჩვენს მიერ ქაღალდებისგან გამოჭრილი და გაფერადებული ქაღალდებით მოვრთეთ.
პირველმა ე.წ.-მა თოვლის ბაბუამ, რომელიც მახსოვს, მიმტყუნა. მაშინ, პატარა ქალაქის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა საახალწლო დადგმა. სადაც რის ვაივაგლახით მოვხვდით. ეს პირველი შოუ იყო, რომელიც ვნახე. პირველად მოვისმინე „ორადორი მეგობარი ორი ჯუჯა ვართ“ და ალბათ შემიყვარდებოდა კიდეც ახალი წელი, თოვლის ბაბუას ჩემთვისაც რომ დარჩენოდა საჩუქარი. ბავშვური იმედგაცრუება იყო, რომელზეც ახლა ღიმილით ვწერ, მაგრამ მაშინ მეტირებოდა.
ერთხელაც, ახალი წლის შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე თვალი მოვკარი როგორ გაიტანა დედამ სახლიდან და კარებთან დადო „თოვლის ბაბუას საჩუქრები“, რომელსაც, მიუხედავად ჩემი ჭუჭყუნისა,  ვნახე და „სიმართლე“ ვიცოდი, თორმეტი საათის მოკაკუნებამდე არ მიმაკარეს.
აქ გაქრა ილუზია, რომ ვიღაც საახალწლო სურვილებს ასრულებდა და ბუხრიდან, ფანჯრიდან და ზოგჯერ კარიდან შემოსული მთელი წლის ნანატრს აგიხდენდა. ამის შემდეგ ჩემი თოვლის ბაბუა დედა იყო.   წვერებიანი კაცის  ფანჯრიდან  სპონტანურ გამოჩენასაც არ ველოდი, რადგან ვიცოდი თორმეტ საათზე დედა  ამისრულებდა ჩემს რომელიმე  ნატვრას მაინც.
შემდეგ სკოლის ასაკი იყო, სადაც სასკოლო გამოსვლების წაყვანა მიწევდა. მომწონდა წამყვანის ამპლუა. პატარა, თავდაჯერებული მეტიჩარა ვიყავი. კაბაზე მიმაგრებული „წვიმები“ კისერში მიღუტუნებდა, მაგრამ ამის მიუხედავად „შპარგალკას“ ორივე ფეხის მუხლებს შორის ვმალავდი, ხელებს უკიდეგანოდ ვშლიდი და შემდეგ წარმოდგენას ვაანონსებდი. გულის სიღრმეში, დღესასწაულის დამთავრებას და მაინც  იმ საჩუქრის მიღებას ველოდი, რომელსაც წინა დღეს ისევ დედა მიფუთავდა  საგულდაგულოდ და შემდეგ ვინმე, თვითმარქვია თოვლის ბაბუა გვირიგებდა.
გარდატეხის ასაკში ვფიქრობდი, თუ რაში სჭირდებოდათ ადამიანებს ამ ერთი დღის პომპეზურად აღნიშვნა, როცა ყოველი დღე ახალი წელია. თუნდაც დღევანდელი - დღეს ხომ შარშანდელი ამ დღიდან ერთი წელიწადი შესრულდა. ახლა, უკვე ეს შეკითხვა არ მიჩნდება, რადგან ვხვდები რომ ადამიანი ბედნიერებას სწორედ მოლოდინში განიცდის.
ერთი კვირის წინ ჟურნალისტებმა გერმანელი მეღვინის წარმოება დავათვალიერეთ. საჩუქრად მისი ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო მივიღეთ. მეორე დღეს, ჩემს მეგობარს ჩვეული და ზრდილობიანი ცნობისმოყვარეობით ვკითხე:
- შესვი ღვინო?
-არა, ახალ წელს ველოდები... შენ?
-მე - განსაკუთრებულ შემთხვევას...