четверг, 1 ноября 2012 г.

ყვებოდა ის


მისი ძმა ეზოში სამთვლიანი ველოსიპედით კატაობდა. ის მას მივსდევდა და გაყვიროდა მეც დამსვიო... მამა და ბაბუა ბამბუკით გაჭედილ ვერანდაზე ისხდნენ და საუბრობდნენ. დედა იქვე ვერანდაზე, თუთიყუშს აპურებდა. ამ დროს ბებო გამოდიოდა სახლიდან, ხელში მის მიერ გაკეთებული ნაყინით. როგორც ის ამბობდა, ძალიან ყვითელი და ძალიან გემრიელი ნაყინით...
ამბობდა, რომ აქ ყველაფერი დამთავრდა...
შემდეგ ყველაზე სუსხიანი და გრძელი შემოდგომა იყო.
წლები გავიდა.
„ახლა მხოლოდ საათის ხმა მესმის“-ო.
„ხშირად მინახავს, როგორ იჯდა მამა  დაჭაობებულ ბასეინთან და რკინიგზას გაჰყურებდა... ის მის შეწყვეტილ ცხოვრებაზე ფიქრობდა", ყვებოდა ის.
მას არ სჯეროდა როცა ეუბნებოდნენ შეიცვალეო. სახლისკენ გზად ისევ გამოკრავდა ფეხს შემოდგომის ფოთოლს  და ისევ ამჩნევდა მის ჩრდილს, რომელიც მასთან ერთად ჩერდებოდა. დროდადრო უსწრებდა, ზოგჯერ ჩამორჩებოდა, ზოგჯერ კი საერთოდ არ ჩანდა, მაგრამ მუდამ თან დასდევდა.
არ სჯეროდა მათი, ვინც ამბობდა რომ შეიცვალა, რადგან ისევ ცდილობდა თოვლის ფანტელის მისი გაყინული ხელის ცხელ გულზე გაჩერებას. ზემოთ ახედვისას, ციდან დაშვებული ფიფქები ისევ ნაგვის ნარჩენები ეგონა.
არ სჯეროდა, რადგან ისევ უყვარდა როცა დილით მზის სხივები აღვიძებდა...
„მე ისევ ის პატარა ვიყავი, რომელიც დედის კაბაზე პარალელურ ხაზებს ითვლიდა და შემდეგ შემთხვევით აყოლებდა თვალს  ბობოქარი ზღვის ბოლოში დიდ, შავი კვამლის ბორბალს“, - ამბობდა ის.