понедельник, 7 января 2013 г.

ლიბიელებით შთაგონებული ბლოგი



ამ ბლოგის წერა სექტემბერში დავიწყე, როდესაც ლიბიაში დიპ.კორპუსის წარმომადგენლების დახოცვამ  გასული წლის ერთ-ერთი მსოფლიო მოვლენა, კადაფის მკვლელობის კადრები, გამიცოცხლა თვალწინ.
დავიწყე წერა, უკვე ბლოგის სათაურიც მოფიქრებული მქონდა - ცნობილი გამონათქვამი „ყველა ერი იმსახურებს ლიდერს, რომელიც ჰყავს“ - რომ უეცრად, ჩემსავე ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა არათუ ლიბია, ლამის ისიც კი დამავიწყა რომელ პლანეტაზე ვცხოვრობდი.
შემრცხვა და, რა თქმა უნდა, სხვა ერის კრიტიკას არ მოვყევი... ამის არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება მქონდა.
არ ვაპირებ მრავალჯერ ნანახის და განცდილის კვლავ გამეორებას.
უცნაური ერი ვართ ქართველები. ამაში ახალი არაფერია, უფრო მეტიც ძალზედ ბანალურია, თუმცა ყოველი დღე ამის ნათელი დასტურია. შორს რომ არ წავიდე ამ უცნაურობას, საკუთარ თავშიც ვხედავ - მე, ეს ცხვრირმოუწმენდავი, კადაფის ღორულად დაკვლის შესახებ ლიბიელი მეამბოხეების გაკიცხვას ვაპირებდი, ამ წამსაც იგივეს ვაკეთებ, მაშინ როცა და თურმე ჩემს ქვეყანაში გაუგონარი რამ ხდებოდა და განა არ ვიცოდით?! სირაქლემას უცვლელი პოზიციიდან ვარდიფერი სათვალეებით ვიყურებოდით!
მაგრამ, დაუმთავრებელი ბლოგის სათაურის სისწორეში დავრწმუნდი - ყველა ერი იმსახურებს ლიდერს, რომელიც ჰყავს!
სხვის შეცდომებზე ნასწავლი არ არსებობსო და იმედია ქართველები ჩვენს საკუთარ შეცდომაზე მაინც ვისწავლით ჭკუას.
ეს, ყველაზე ძიმე დღეები, რომელიც რიგ შემთხვევებში ოჯახური და საახლობლო დაპირისპირების მიზეზიც კი გახდა, ალბათ ერთგვარი ადამიანობის გამოცდა იყო.
პოსკრიპტუმ იყო ე.წ. სტუდენტების გამოსვლა.  „ე.წ.“-ს ვამბობ, რადგან იქ არ ვმდგარვარ იმიტომ, რომ სტუდენტი ვიყავი. პარტიულობასაც ვერავინ დამწამებს. ეს ღირსებაშელახული ადამიანების პროტესტი იყო, ისევ ღირსების დასაცავად თუ აღსადგენად გამართული. სახალხო მსვლეობა და ერთ-ერთი ბანკიდან გამოვარდნილი ბიჭი, რომელმაც ბანკის ფერი ჰალსტუხი მოიხსნა, თანამშრომელს დააკავა და მსვლელობას შემოუერთდა.  სპონტანური და შთამბეჭდავი სვლა იყო!
დღე, როდესაც ცხოვრებაში პირველად არაფრის შემშინებია და დღე, როდესაც წინადღისგან განსხვავებით ვიფიქრე, რომ ყველაფერი დაკარგული არ იყო და შეიძლებოდა ამ ქვეყანაში დარჩენა.
კიკინებიანი პირველკურსელი, კონფერენციაზე ხმამაღლა გავყვიროდი  საქართველოში დემოკრატიის ტრანსპორტირებაზე და ადამიანის უფლებებზე. ისევე, როგორც ყველაზე ლიბერალური რელიგიური მრწამსით ვიწონებთ თავს.
შემწყნარებელ ხალხად მოგვაქვს თავი, თუმცა არავინ აღიარებს, რომ ამ „ატანასა და გატანას“ მიღმა, არამხოლოდ ქსენოფობია, არამედ საკუთარის გაუტანლობაც იმალება.
ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც წიგნს მხოლოდ იმიტომ კითხულობს, რომ შემდეგ თქვას ეს წაკითხული მაქვსო. მოგზაურობს იმიტომ, რომ იტრაბახოს -  მსოფლიო შემოვლილი მაქვსო.  სწავლობს იმისთვის, რომ შემდეგ დიპლომები და სერთიფიკატები შპალიერის ამპლუაში გამოიყენოს.  ჩვენ ის ერი ვართ, სადაც ინტერნაციონალიზაციასა და საზღვრების გარღვევაზე გვაქვს პრეტენზიები, თუმცა გვერდით ჩავლილ აფროამერიკელ და ინდუს არც თუ ისე მოწყალედ შევყურებთ.
და მაინც, ჩვენ ვართ ერი, რომლიც მიუხედავად ყველაფრისა უნიკალურობაზე დებს თავს და ალბათ, სწორედ ამაში მდომარეობს ჩვენი განუმეორებლობა.
და აი, კიდევ ერთი უნიკალური სვლა - ლიბიელებით შთაგონებული ბლოგი ქართველებით დავამთავრე.






Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.