понедельник, 7 января 2013 г.

პროფესიად ქცეული შემწეობის თხოვნა


მახსოვს ერთხელ სამსაურიდან გამოსული რედაქტორი, ჟურნალისტი და მე - ვითომ ჟურნალისტი, გზად განვიხილავდით რუსთაველის მეტროსთან მდგომი შავკანიანის „დამეხმარე please, დამეხმარე გთხოვ“ თემას.  დაუსაბუთებლად და ალალად ვთქვი, რომ მას ფულს არასდროს მივცემდი. ნათია გამომეპასუხა:
-რასისტი ხარ?
-არა, უბრალოდ ჯანმრთელია, აქვს ორი ფეხი, ორი ხელი. წავიდეს და იმუშაოსთქო.
ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა ზოგადად შემწეობის მთხოვნელების მიმართ. არასდროს ვეხმარები კაცებს და თუნდაც ქალებს, რომლებსაც ერთი შეხედვით ეტყობათ, რომ მუშაობა შეუძლიათ, მაგრამ თავის არატკიებით და ყველაზე მარტივი გამოსავლით უბრალოდ ხელს იშვერენ და დამეხმარეო გეუბნებიან.
ახლა, რომელიმე ღრმადჰუმანური და ლიბერალი წაიკითხავს ამას და, ყველაზე ცოტა, მაგინებს!
რედაქტორმა სოციალური თემატიკის ფარგლებში სწორედ ამ ბიჭთან გაუშვა ერთი ჟურნალისტი სტატიის მოსამზადებლად. Tribuna.ge-ზე ვსაუბრობ, რომელიც უკვე აღარ არის.  ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო სტატია გამოვიდა. ქვეყნის შემწეობისმთხოვნელმა სტუმარმა ჩვენი ჟურნალისტი ჯერ „არასამუშაო“ საათებში დაიბარა სასაუბროდ და შემდეგ  ზუსტად აუხსნა, თუ რატომ ითხოვდა დახმარებას. თურმე სხვა სამსახურებშიც უცდია ბედი, მაგრამ ცოტას უხდიდნენ. მსგავსი მოქნილი გრაფიკი კი მისთის მისაღები ყოფილა, თან როგორც უთქვამს „კარგად შოულობს“.
მე ცხოვრებისგან გაბოროტებულს და „ჟმოტს“ მიმაჩნია,  რომ შრომისუნარიანი ადამიანი დახმარებას კი არ უნდა ითხოვდეს, არამედ თვითონ ეხმარებოდეს სხვას. შეიძლება, მათი განსჯით ვცოდავ კიდეც.
პატარა ვიყავი, როცა დიდუბის მეტროში ერთი მოხუცი ქალი შემწეობას ითხოვდა. ფიზიკურად ბებიაჩემს მივამგვანე და სწორედ ამისტომ დამამახსოვრდა. რამდენიმე თვის შემდეგ ისევ შევხვდი ამ მოხუცს, თუმა ამჯერად მზესუმზირასა და მიწის თხილს ყიდდა. მგონი არ არის საჭირო ახსნა, თუ რატომ გავიხსენე ეს - მან სიდუხჭირის მიუხედავად „ეს“ პროფესიად არ გაიხადა. მოქალაქეების შემწეობა გრანტის სახით მიიღო და მიზერული, მაგრამ მაინც, იგივე ლუკმა პურის საშოვნელად ბიზნესი  წამოიწყო.
ჯამში, ალბათ ორჯერაც არ მიმგზავრია მეტროთი ხელგამოწვდილ ბავშვებს -„ზედამხედველითურთ“ ან ქალებს - ბავშვებითურთ არ ჩამოევლოთ. ვიღაც ამ დროს ჯიბეს მოიქექავს, ხურდას იპოვის და გაუწვდის. ზოგიერთი იგივეს გაკეთების შემდეგ თავმომწონედ სხვას გახედავს გამომეტყველებით - „მე დიდსულოვანი ვარ, აბა შენ თუ გააკეთებ იგივესო“. ვფიქრობ, დიდსულოვნება ზოგჯერ მეტიჩრობის და თავის „წარმოჩენის“ საშუალებად იქცა!
რატომღაც თანაგრძნობით ისინი უფრო მავსებენ, ვინც ათთეთრიან საწერ კალმებს ოცთეთრად ყიდის და დახმარებას კი არ გთხოვს, არამედ თვითონ გამოიმუშავებს!
საერთოდ არაფერს ვამბობ იმ პატარებზე, რომლებიც ფულის არმიცემის შემთხვევაში ფურთხით გემუქრებიან!
ამას წინათ, „კიდობანთან“ „სვეცკმა“გოგომ და ორმა ბიჭმა გადამისწრეს. იქვე მდგომი შემწებისმთხივნელი გადაუდგა და შემწეობა “სთხოვა“. გოგომ მოიშორა და მერე ბიჭებს გადაულაპარაკა: მერამდენე წელიწადია ეს ქალი აქ დგას, უკვე პროფესიად ექცაო!
მე ხომ ჰუმანური და ლიბერალი ვარ და ეს სიტყვები ცივი იარაღივით გამესო. მერე დავუფიქრდი და სადღაც, ალბათ სიბოროტის სხვენის კუნჭულში  ყოველგვარი დიდსულოვნების ნიღბის გარეშე ეს გოგო მართალი მეჩვენა.
პირველ კურსზე სწავლისას, მაშინ როცა უნივერსიტეტის სტიპენდია სრულიად არასაკმარისი იყო, კურსელები განვიხილავდით ალტერნატიულ სამსახურებს. მახსოვს, ერთმა თანაკურსელმა თქვა,  Mcdonalds-ში ვერ დავიწყებ მუშაობასო, მიზეზით - ჩემმა რომელიმე ნათესავმა რომ დამინახოს სირცხვილისგან დავიწვებიო.
WTF?
ამ ბოლო დროს უმუშევრობა განსაკუთრებით მტკივნეული გახდა ჩემთვის და სწორედ ამიტომ დავიწყე განსაკუთრებული ფიქრი ამაზე. თქვენ წარმოიდგინეთ დასკვნამდეც მივედი: საქართველოში უმუშევრობა კი არა ზოგადად ამ საკითხისადმი დამოკიდებულებაა პრობლემა. შესაძლოა, არამხოლოდ საქართველოში, რადგან მიუხედავადვ უკუდოამპარტავნობის რეკორდსმენობისა, ეს არამხოლოდ ქართული, არამედ სრულიად კაცობრიობის დამახასიაათებელი პრობლემაა.
რაღაც მინდა შეიცვალოს, არ მინდა ამდენი შემწეობისმთხოველი იჯდეს ქუჩაში! მოხუცები - ოჯახებში თუ არა მოხუცებულთა თავშესაფრებში მაინც; ბავშვები - მშობლებთან თუ არა ალტერნატიულ საცხოვრებლებში მაინც, რომ ქუჩიდან წამოსვლის ალტერნატივა და შესაბამისად მეტის შესაძლებლობა გაუჩნდეთ. რაც შეეხება შრომისუნარიან ქალებს და კაცებს - დასაქმების პერსპექტივა, თუნდაც ქუჩაში დგომაზე და სხვის წამოყვედრებულზე ოდნავ კარგი მაინც.
ადამიანს, რომელიც სხვას სთხოვს, მიზეზისდა მიუხედავად, უნდა დაეხმარო! მაგრამ ბოლომდე ვერც ჰუმანური და ვერც ბოროტი ვარ, რომ მათ ქუჩიდან წასვლის პერსპექტივა წავართვა - შთაბეჭდილებაშექმნილებს, რომ აქ თავს ისედაც კარგად გრძნობენ...    

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.