понедельник, 7 января 2013 г.

გერმანელის ქართული ღვინო


შატო „ვინოტერას“  ვერანდაზე ვიჯექი და ნისლით დაფარულ ჰორიზონტს გავყურედი. მითხრეს, ბოლოს კახეთში მომხდარი სტიქიის გამო ალაზნის ველზე ვენახები განადგურებული არისო. წარმოდგენილი მქონდა ჰექტარებზე გადაჭიმული ვენახები, მიუხედავად იმისა რომ ნისლი მათი ხილვის საშუალებას არ მაძლევდა.
USAID-ის „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის“ ორგანიზებით ღვინის ტურიზმის გასაცნობად მოწყობილ მედია ტურს ღვინის ტრადიციის სამშობლოში გერმანელმა მეღვინემ უმასპინძლა.
შუხმანის ღვინის წარმოებაში მისვლამდე, გზად ალავერდის სამონასტრო კომპლექსი მოვინახულეთ და ბერების მიერ დამზადებული ქვევრის ღვინის ტრადიციულ კულტურას გავეცანით.
საქართველოს სავიზიტო ბარათად ქცეული ქვევრის გამოყენების წესი ალბათ ქართველთა უმრავლესობისთვისაც არ არის ცნობილი. მაგალითად ის, რომ ამ „ღვინის სახლს“ წელიწადში სამჯერ სჭირდება გამორეცხვა, რომელიც ქიმიქატების გარეშე ხდება და ამდენად დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს.
სოფელ კისისხევში, შატო „ვინოტერაში“ ღვინის დეგუსტაციის, მე ვიტყოდი, ღონისძიება სპეციალურად ჟურნალისტებისთვის გაიმართა... შუხმანის ღვინის კომპანიის მეღვინე და მენეჯერმა როლანდ ბურდიაშვილმა ღვინის დაგემოვნებაში დაგვატრეინინგა.  ჭიქას სამჯერ ანჯღრევ, ყნოსავ, აგემოვნებ... არამხოლოდ ღვინის დამზადებას, მის დალევასაც სფეციფიური დატვირთვა აქვს. ჩვენთვის, ქართველებისთვის, თასის და „ბოლო დალიე, შეგერგებას“ მენტალურ ქვეყანაში ალბათ (და უფრო რამდენიმე წლის წინ), ვინმეს უჩვეულოდ მოეჩვენებოდა ღვინის ევროპულად მიღების კულტურა, თუმცა უკვე ამას დიდი სიამოვნებით ვეზიარებით.
ევროპული თეთრი ღვინო, შემდეგ ქვევრის თეთრი ღვინო, საფერავი და ბოლოს ნახევრადტკბილი ქინძმარაული...  ფეხიან ჭიქაში მომწყვდეული ეს წითელი სიცოცხლის სითხე დამსწრეთაგად ყველას დესერტის ასოციაციას უქმნის.
მასზე ამბობენ, 2008 წლის აგვისტოში, მაშინ როცა დღემდე გაურკვეველ ოპონენტთან ხუთდღიანმა ომმა ქვეყანა შოკში, მათ შორის ეკონომიკურ შოკში ჩააგდო, საქართველოში ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტაო.
გერმანელი, რკინიგზის სამრეწველო მენეჯერი, ბურკჰარდ შუხმანი შეკითხვაზე, შეეშინდა თუ არა ასეთი თამამი გადაწყვეტილების, მარტივად პასუხობს: „ვიცოდი რომ ყველაფაერი კარგად იქნებოდა...“
ეს განსაკუთრებით ახლა მენიშნა, როცა ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური ამინდი ინვესტიციებისთვის არც თუ ისე მიმზიდველ გარემოს ქმნის.
გერმანელი მეღვინის გაცნობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირად გამოცდილებამდე დასკვნები არ უნდა გამოიტანო. ბავშვობიდან, მსოფლმხედველობაში გამიჯდა აზრი, რომ გერმანელები ცივი და არასტუმართმოყვარე ხალხი იყვნენ... ალბათ, ეს კიდევ ერთი საბჭოური გადმონაშთი იყო.
ქართული ტრადიცია და გერმანული ტექნოლოგია მეღვინეობისთვის საუკეთესო ტანდემი აღმოჩნდა, ამის საუკეთესო მაგალითი კი ბატონი შუხმანის ღვინოა.
თბილისისკენ მომავალ, ნისლიან გზას მოვუყვებით...
სახლში მისულები კი „შუხმან ვაინზე“ მოვყვებით...


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.