понедельник, 7 января 2013 г.

ანატორის აკლდამები – თვითდამარხვა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად


კავკასიონს მიღმა, შატილიდან დაახლებით სამ კილომეტრში, მეფის რუსეთის საზღვართან ახლოს,  მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან მდებარეობს ანატორის აკლდამა. გადმოცემის თანახმად, ჯამმოდებული სისაურების გვარის სოფელიდან, რომელიც დაავადებამ დაახლოებით XVI-XVIII საუკუნეებში იმსხვერპლა,  სნეულები აკლდამაში მიდიოდნენ და განმარტოებით ელოდნენ სიკვდილს. მოტივაცია სხვისთვის სიცოცხლის შენარჩუნება იყო.
თაობებით შემონახული გადმოცემის თანახმად,  სოფელში სიკვდილიანობა ისე მოხშირებულა, რომ დასაფლავებას ვეღარ ასწრებდენენ.  მოგვიანებით კი აღმოჩინეს,  რომ დაავადება მიცვალებულებისგანაც ვრცელდებოდა. სწორედ ამან განაპირობა აკლდამების აგება. ნაგებობებს შიგნიდან თაროების მსგავსი საწოლები ჰქონდა, საიდანაც ძველ ძვლებს ასვენებდნენ და მომაკვდავები წვებოდნენ.
უცნაური სანახავია აკლდამები, რომელსაც მე უფრო სიკვდილთან ტრაქტატს ვუწოდებდი... სადაც მხოლოდ ძვლებიღაა შემორჩენილი. თუმცა მეტყველი ძვლები, რომლებიც ცოცხალ ადამიანზე მეტს ამბობენ. წელიწადზე მეტი გავიდა აკლამების მონახულებიდან და ახლაც ბევრს ვფიქრობ ამაზე...
აკლდამის გარშემო მრავალი პიროვნული ისტორია იყრის თავს.  ერთ-ერთის თანახმად, ერთი დასნეულებული მოხუცი აკლდამაში თავისივე ჩონგურით ჩასახლებულა. ცოცხალი საფლავიდან  ჩონგურის ხმა ისმოდა, რაც მოხუცის არსებობაზე მიუთითებდა... ჩონგურის სიმების დადუმება კი მოხუცის სიკვდილის მანიშნებელი ყოფილა.  გიდმა მოგვიყვა, რომ აკლდამაში შემორჩენილი ყოფილა დედის ჩონჩხი, რომელსაც ხელში, აკვნით, ჩვილი ბავშვი ეჭირა.
ერთი შეხედვით  ძვლებით სავსე რამდენიმე ნაგებობა ინახავს თავგანწირვის ისტორიას ადამიანებისა, რომლებმაც სხვისი კეთილდღეობის მიზნით თავის ცოცხლად დამარხვა გადაწყვიტეს. დამარხო საკუთარი თავი ცოცხლად, მიზეზით რომ სხვას შეუნარჩუნო სიცოცხლე, ალბათ ძალიან რთულ, გაბედულ და ვაჟკაცურ ნაბიჯს მოითხოვს, რომელიც ყველას არ შეუძლია... ამბობენ მთის სული განსაკუთრებით მტკიცე და ურყევი არისო.
დავინტერესდი, რაიმე მაკონტროლებელი ნორმა თუ არსებობდა, რომელიც ამ ადამიანებს იძულებულს ხდიდა ან ავალდებულებდა ეს გაეკეთებინათ... სამწუხაროდ მსგავსი ისტორიული წყარო არ არსებობს. მხოლოდ აკლდამები შემორჩა თაობებს, რომელთა ხმამაღალ ისტორიას ძვლები წერენ.
ცოცხლად თვიდამარხული ადამიანების უკვე ნაწილებად ქცეულ ძვლებს ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, ოღონდ თვითონაც არ ვიცი რას! ვერც ახლა ვხვდები! ალბათ იმიტომ რომ ატანის და გატანის ეპოქაში აღარ ვცხოვრობთ, ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ და კიდევ, ალბათ იმიტომ, რომ ცნებებს „სიყვარული“, „მეგობრობა“, „თვითგანწირვა“, „ერთგულება“, „ატანა“, „გატანა“, „დიდსულოვნება“, „ვაჟკაცობა“ და ა.შ მხოლოდ პირობითი მნიშვნელობით ვიყენებთ. ან საერთოდ არ ვიყენებთ!


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.