понедельник, 7 января 2013 г.

დედა - ჩემი თოვლის ბაბუა


ახალ წლამდე თვეზე მეტია დარჩენილი და საახალწლო „ფეისბუქ“ მოლოდინი, რასაკვირველია, უკვე დაიწყო.  
ამ დღესასწაულთან  ჩემთვის პირველი „კოკა-კოლას“  ასაკოვანი რეკლამა ასოცირდება. ალბათ, ყველას ახსოვს. უბერებელი რეკლამაა, არა „კოკა-კოლასი“ არამედ, ახალი წლის.
„ფეისბუქმა“ მეგობრის ახალი წლის ალბომი ამომიგდო, მისი შარშანდელი კომენტარით -  როგორ შეიძლება ასე გძულდეს ახალი წელიო?!  და მართლაც დავფიქრდი, რატომ უნდა გძულდეს ის, რაც ხალხს თუმდაც რამდენიმე საათით ავიწყებს ყოველდღიურ გაცვეთილ ბრძოლას ცხოვრებასთან და რაც ყველას, თუნდაც ნიღაბამოფარებული მაგრამ მაინც, ბედნიერი ღიმილის უფლებას აძლევს.
პირველი ახალი წელი რომელიც მახსოვს, ომის შემდგომი იყო. მე და ჩემი ძმა სულმოუთმენლად ველოდით  ნაძვის ხის დადგმას. სადღაც წასულმა დედამ დიდი, ფუმფულა და „ნაძვის ხის  სუნიანი“ ნაძვის ხე მოიტანა. მაშინ, რა თქმა უნდა, არ დავინტერესებულვართ მისი წარმომავლობით. ისეთი დრო იყო, წიწვოვანის ნაცვლად ფართოფოთლოვანი ხის დადგმაც არავის გააკვირვებდა. წლების შემდეგ კი სიცილით გვიყვებოდა, არალეგალური ნაძვის ხის ისტორიას.  მას შემდეგ ახალი წელი არ გასულა ამაზე არ გვესაუბრა და გვეცინა. ეს იყო პირველი ნაძვის ხე, რომლის დამსხვრევის არ შეგვშინებია, რადგან არამსხვრევადი, მაგრამ მაინც წვეტებიანი, ჩვენს მიერ ქაღალდებისგან გამოჭრილი და გაფერადებული ქაღალდებით მოვრთეთ.
პირველმა ე.წ.-მა თოვლის ბაბუამ, რომელიც მახსოვს, მიმტყუნა. მაშინ, პატარა ქალაქის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა საახალწლო დადგმა. სადაც რის ვაივაგლახით მოვხვდით. ეს პირველი შოუ იყო, რომელიც ვნახე. პირველად მოვისმინე „ორადორი მეგობარი ორი ჯუჯა ვართ“ და ალბათ შემიყვარდებოდა კიდეც ახალი წელი, თოვლის ბაბუას ჩემთვისაც რომ დარჩენოდა საჩუქარი. ბავშვური იმედგაცრუება იყო, რომელზეც ახლა ღიმილით ვწერ, მაგრამ მაშინ მეტირებოდა.
ერთხელაც, ახალი წლის შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე თვალი მოვკარი როგორ გაიტანა დედამ სახლიდან და კარებთან დადო „თოვლის ბაბუას საჩუქრები“, რომელსაც, მიუხედავად ჩემი ჭუჭყუნისა,  ვნახე და „სიმართლე“ ვიცოდი, თორმეტი საათის მოკაკუნებამდე არ მიმაკარეს.
აქ გაქრა ილუზია, რომ ვიღაც საახალწლო სურვილებს ასრულებდა და ბუხრიდან, ფანჯრიდან და ზოგჯერ კარიდან შემოსული მთელი წლის ნანატრს აგიხდენდა. ამის შემდეგ ჩემი თოვლის ბაბუა დედა იყო.   წვერებიანი კაცის  ფანჯრიდან  სპონტანურ გამოჩენასაც არ ველოდი, რადგან ვიცოდი თორმეტ საათზე დედა  ამისრულებდა ჩემს რომელიმე  ნატვრას მაინც.
შემდეგ სკოლის ასაკი იყო, სადაც სასკოლო გამოსვლების წაყვანა მიწევდა. მომწონდა წამყვანის ამპლუა. პატარა, თავდაჯერებული მეტიჩარა ვიყავი. კაბაზე მიმაგრებული „წვიმები“ კისერში მიღუტუნებდა, მაგრამ ამის მიუხედავად „შპარგალკას“ ორივე ფეხის მუხლებს შორის ვმალავდი, ხელებს უკიდეგანოდ ვშლიდი და შემდეგ წარმოდგენას ვაანონსებდი. გულის სიღრმეში, დღესასწაულის დამთავრებას და მაინც  იმ საჩუქრის მიღებას ველოდი, რომელსაც წინა დღეს ისევ დედა მიფუთავდა  საგულდაგულოდ და შემდეგ ვინმე, თვითმარქვია თოვლის ბაბუა გვირიგებდა.
გარდატეხის ასაკში ვფიქრობდი, თუ რაში სჭირდებოდათ ადამიანებს ამ ერთი დღის პომპეზურად აღნიშვნა, როცა ყოველი დღე ახალი წელია. თუნდაც დღევანდელი - დღეს ხომ შარშანდელი ამ დღიდან ერთი წელიწადი შესრულდა. ახლა, უკვე ეს შეკითხვა არ მიჩნდება, რადგან ვხვდები რომ ადამიანი ბედნიერებას სწორედ მოლოდინში განიცდის.
ერთი კვირის წინ ჟურნალისტებმა გერმანელი მეღვინის წარმოება დავათვალიერეთ. საჩუქრად მისი ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო მივიღეთ. მეორე დღეს, ჩემს მეგობარს ჩვეული და ზრდილობიანი ცნობისმოყვარეობით ვკითხე:
- შესვი ღვინო?
-არა, ახალ წელს ველოდები... შენ?
-მე - განსაკუთრებულ შემთხვევას...  



Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.