понедельник, 7 января 2013 г.

ეკონომიკური დეპრესია და იმედი ჩვენს ფანჯრებში


ადამიანის ფსიქოლოგია: როცა მთელი ფეხსაცმელი გაცვია, ზამთრის მოახლოებას განიცდი და ნაადრევად გეყინება ფეხები. როცა შემოხეული ფეხსაცმლით დადიხარ უკვე ზამთარზე და სიცივეზე ვეღარ გეფიქრება.
რატომღაც დღეს მომაგონდა ერთი გოგოს მონათხრობი...
„მახსოვს, როცა ექვსი წლის გავხდი მამას საჩუქრად თოჯინა ვთხოვე. გვიანობამდე არ დავიძინე, სანამ მისი ნაბიჯების ხმა არ შემომესმა. კარის სახელურიც არ იყო ჩამოწეული, რომ უკვე მანდ ვიდექი და გაფართოებული პატარა თვალებით ვუყურებდი. ის, ზურგს უკან რაღაცას მალავდა და... და თოჯინამ ჩაანაცვლა „მუთაქა“, რომითაც აქამე მიწევდა თამაში.
ოცი წელი გავიდა. ბევრი არაფერი შეცვლილა დამოკიდებულებისა და მოლოდინების გარდა. ისევ ოცნებებში ვცხოვრობთ... თავი ისევ პატარა, მთელი ცხოვრება კი ისევ წინ გვგონია...“
რამდენიმე წლის წინ, უფლისციხეში შვიდი წლის გელა გავიცანი. შორიდან ჩვეულებრივი, მდინარის ნაპირზე მოთამაშე პატარა ბიჭი ჩანდა. ახლოს მისულმა კი დავინახე, თუ როგორ აცლიდა მინის ბოთლს ორივე ბოლოს და ხელზე, იმიტირებულ სმააჯურს ირგებდა. მითხრა, რომ თამაშობდა...
თამარ მეფისა და აღმაშენებლის კვეთაზე, „ჯეოსელის“ სკვერთან ბებო ზის. მოწყალებას არ ითხოვს, დამეხმარეო გეუბნება და სანაცვლოდ პოლიეთილენის პარკს გთავაზობს. ავტობუსისთვის ფულის დახურდავება ვთხოვე... მარცხენა ხელის მუჭი გამიშალა და ხურდაზე მიმითითა: „აიღე ბებო თუ არ გაქვსო“...
გუშინ მომავალ ფინანსთა მინისტრთან ჩავწერე ინტერვიუ და დღეს მეგობარს ვამშვიდებდი, ნუ გეშინია შეიცვლება შრომის კოდექსი და ქვეყანაში ყველაფერი დალაგდებათქო.
საღამოს გარეთ  გავიხედე, მინდოდა სინათლე მენახა ფანჯრებში... მაგრამ ნაგავმიბმულის ნაცვლად, დიდ ეკონომიკურ დეპრესიას  ვხედავდი. საათს დავხედე და უკვე გამთენიის ოთხი იყო, ალბათ ამიტომაც... 





Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.