суббота, 20 октября 2012 г.

ეკონომიკური დეპრესია და იმედი ჩვენს ფანჯრებში


„დედამ ჩაის მორევა დაასრულა და საწერი კალამი ამოიღო ქილიდან“... ეს ერთ-ერთი დევნილი გოგოსგან მსმენია. ხო, მაშინ საიდანაც მოგიხერხდებოდა იქიდან უნდა გესვა და გეჭამა, მთავარია საკვები ყოფილიყო...
ადამიანის ფსიქოლოგია: როცა მთელი ფეხსაცმელი გაცვია, ზამთრის მოახლოებას განიცდი და ნაადრევად გეყინება ფეხები. როცა შემოხეული ფეხსაცმლით დადიხარ უკვე ზამთარზე და სიცივეზე ვეღარ გეფიქრება.
რატომღაც დღეს მომაგონდა ერთი გოგოს მონათხრობი...
„მახსოვს, როცა ექვსი წლის გავხდი მამას საჩუქრად თოჯინა ვთხოვე. გვიანობამდე არ დავიძინე, სანამ მისი ნაბიჯების ხმა არ შემომესმა. კარის სახელურიც არ იყო ჩამოწეული, რომ უკვე მანდ ვიდექი და გაფართოებული პატარა თვალებით ვუყურებდი. ის, ზურგს უკან რაღაცას მალავდა და... და თოჯინამ ჩაანაცვლა „მუთაქა“, რომითაც აქამე მიწევდა თამაში.
ოცი წელი გავიდა. ბევრი არაფერი შეცვლილა დამოკიდებულებისა და მოლოდინების გარდა. ისევ ოცნებებში ვცხოვრობთ... თავი ისევ პატარა, მთელი ცხოვრება კი ისევ წინ გვგონია...“
რამდენიმე წლის წინ, უფლისციხეში შვიდი წლის გელა გავიცანი. შორიდან ჩვეულებრივი, მდინარის ნაპირზე მოთამაშე პატარა ბიჭი ჩანდა. ახლოს მისულმა კი დავინახე, თუ როგორ აცლიდა მინის ბოთლს ორივე ბოლოს და ხელზე, იმიტირებულ სმააჯურს ირგებდა. მითხრა, რომ თამაშობდა...
თამარ მეფისა და აღმაშენებლის კვეთაზე, „ჯეოსელის“ სკვერთან ბებო ზის. მოწყალებას არ ითხოვს, დამეხმარეო გეუბნება და სანაცვლოდ პოლიეთილენის პარკს გთავაზობს. ავტობუსისთვის ფულის დახურდავება ვთხოვე... მარცხენა ხელის მუჭი გამიშალა და ხურდაზე მიმითითა: „აიღე ბებო თუ არ გაქვსო“...
გუშინ მომავალ ფინანსთა მინისტრთან ჩავწერე ინტერვიუ და დღეს მეგობარს ვამშვიდებდი, ნუ გეშინია შეიცვლება შრომის კოდექსი და ქვეყანაში ყველაფერი დალაგდებათქო.
საღამოს გარეთ  გავიხედე, მინდოდა სინათლე მენახა ფანჯრებში... მაგრამ ნაგავმიბმულის ნაცვლად, დიდ ეკონომიკურ დეპრესიას  ვხედავდი. საათს დავხედე და უკვე გამთენიის ოთხი იყო, ალბათ ამიტომაც...  






вторник, 9 октября 2012 г.

მე რომ ათი სიცოცხლე მქონოდა… (ჩანაწერი)

მე რომ ათი სიცოცხლე მქონოდა, გავატარებდი ცხრას მოლოდინში თუ მეცოდინებოდა რომ ბოლოს მაინც მოხვალ…

მთელი ცხრა სიცოცხლე ღიმილით გავიღვიძებდი თუ გავიგებდი, რომ შენ კარგად ხარ…

ყოველ სიცოცხლეში დავითვლიდი ნაბიჯების ხმას, თუკი შენ შემოაღებდი კარს…

მხოლოდ ზოგჯერ, დავხედავდი შენს სურათს ბედნიერი იმით, რომ უბრალოდ ხარ…

ვიქნებოდი შენგან შორს, მთელი ცხრა სიცოცხლე, თუ მეათეში უბრალოდ ჩემს ლაწირაკ ხელის თითებს დავატოლებდი შენსას…

არცერთხელ არ გეტყოდი რომ მიყვარხარ, რადგან ვთვლი რომ გრძნობა სულით უნდა ატარო და არა ენით… მხოლოდ ზოგჯერ, ღამესთან წამომცდებოდა, ისიც ჩურჩულით და იმედით რომ ის ჩემს საიდუმლოს არ გათქვამდა…

არ მოვითხოვდი მთელი ცხრა სიცოცხლის გამოსასყიდს თუ   არ მოხვიდოდი…

მე რომ ათი სიცოცხლე მქონოდა, ათივეს შენს მოლოდინში გავატარებდი…

მეცხრე სიცოცხლეში დავიძინებდი, იმედით რომ შენი სუნქვის ხმა გამაღვიძებდა…