воскресенье, 2 сентября 2012 г.




„ფსიქო“
ბოლო რამოდენიმე წელიწადია საქართველოში ახალი მოდური ტენდენცია გვაქვს, კერძოდ, პირადობის მოწმობას თან უნდა ახლდეს მართვის მოწმობაც... მერე რა თუ ტარება არ იცი?! მთავარია „პრავა“ გქონდეს!
მეც რისი ქართველი ვიქნებოდი სხვას  ჩამოვრჩენოდი! მითუმეტეს, რომ მართვის მოწმობის გამოცდა  საინტერესოდ და მიმზიდველად გამოიყურება...
ჰოდა, ამგვარად გადავწყვიტე,  გავმხდარიყავი „პრავის“ ორდენის ლაურეანტი!
გამოცდამ ექსესების გარეშე ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სარეგისტრაციო განყოფილებაში ხუთის ნაცვლად, მთელი 60 წუთი მომიხდა ლოდინი, იმ მიზეზით რომ  ჩემი იურიდიული მისამართის  გადასაზუსტებლად სამინისტროსთან დაკავშირება რატომღაც გაჭირდა; მოგვიანებით კი,   ე.წ. „ფსიქოს“ ასაღებად რუსთავის პოლიკლინიკის თითქმის ყველა კაბინეტის შემოვლა მომიხდა და ბოლოს, რისი ვაივაიგლახით გამოცდაზე შესვლის შემდეგ მთლიანი საგამოცდო ქსელი გაითიშა.
გადავინაცვლოთ ერთი საათით უკან,  რუსთავის პოლიკლინიკაში. სცენარი შემდეგნაირად ვითარდება: მიმღებში ეუბნები რომ „პრავის“ „ფსიქო“ გჭირდება და პასუხიც არ აყოვნებს: „ჩაიჭერით?!“ (აქ თანაგრძნობით სავსე ღიმილი და ნუგეშიანი თვალები),  „იქ რას მიდიოდით პირდაპირ ჩვენთან უნდა მოსულიყავით!“ - დამამშვიდეს!
შემდეგ გამისამართებენ 27-ე ოთახში, სადაც გაწვდიან ანგარიშის ნომერს - 10 ლარი ბანკში, 20 ლარი - პოლიკლინიკის  სალაროში!  სხვა რა გზა გაქვს და მიდიხარ ჯერ ბანკში, შემდეგ სალაროში... ამის შემდეგ გადიხარ რეგისტრაციას, საიდანაც ისევ 27-ე ოთახში გიშვებენ...  27-ე ოთახიდან ჯერ მე-7-ში...
მე-7 ოთახთან დიდი რიგი დამხვდა. ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე: „ბოლო ვინ არის?“ და იკავებ შენს ადგილს... ჩემს წინ ბებო და ბაბუ იდგა დაზღვევით ხელში... აქ წმიდა ქართულმა აზრმა გამიელვა თავში: „რა იქნება ურიგოდ რომ შევიდე, მე ხომ დროში ვიწვები?!“ მაგრამ შემდეგ შუბლზე რაღაც ვიგრძენი და თავი დავხარე. ამ დროს მე-7 ოთახიდან თეთრხალათიანი გამოდის, ხელს ჩემსკენ იწვდის და ქვითარს და იმ ქაღალდებს მართმევს, რაც 27-ე ოთახში შემომაჩეჩეს: „შემობრძანდით“...   აჭარხლებული შევდივარ, ისე რომ ბებო და ბაბუს თვალი არ გავუსწორო, მაგრამ მათ  მზერას ჩემი ზურგიც კი გრძნობს... მითითებულ სკამზე ვჯდები და ველოდები ჩემი ისტორიის შევსებას... თან პოლიკლინიკის შიდა „სვიაზებზე“ ვფიქრობ... პრინციპს დაახლოებით ვხვდები - დაუყოვნებლივ ემსახურებიან იმას, ვისაც ფული აქვს გადახდილი, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ მიხვდნენ რომ მე ის ვიყავი ვიზეც უნდა მიმხვდარიყვნენ... ინტერესი ყელში მაწვება, მაგრამ ქართველებისთვის ჩვეულ,  „მასობრივი დუმილის“ უფლებას ვიყენებ, მე ხომ ძალიან მეჩქარება და „ფსიქოს“ ასაღებად დამატებითი სირთულეები არ მჭირდება!
შემდეგ მე-18-ში... მე-18-დან ისევ მე-7-ში...
მე-7 ოთახის ბოლო მონახულებისას კი, თერაპევტი „ფაილიდან“ ხელითნაწერ თაბახს იღებს, სადაც რამოდენიმე გამოტოვებულ ადგილზე ჩემს ვინაობას და დანიშნულების ადგილს უთითებს...
მერე რა, რომ თეთრი ხალათის ჯიბეში ფულს არ ვუკუჭავ?!  თავს ისევ იმ  ეპოქაში ვგრძნობ, თუმცა ამჯერად  ექიმები ჯანმრთელობის ნაცვლად, მხოლოდ ქვითრებს ამოწმებენ...
მადლობა ღმერთს ისევ 27 -ში  და გგონია დასრულდა! მაგრამ არა!  27-დან „ზემოთ“,  მე-60-ში (კანცელარიაში) გიშვებენ, სადაც საბედისწერო ბეჭდის დასმის შემდეგ რატომღაც მაინც გიჩნდება კითხვა „და ვსიო???“...  პასუხად ღიმილი და წარმატება...
ჩავიჭერი!


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.