вторник, 11 сентября 2012 г.

ქართულ-ირანული ნახევრად გასაიდუმლოებული ურთიერთობები




საქართველოს წამყვანი ბანკები საქართველოში მცხოვრებ ირანელ მოსახლეობას გარკვეულ საბანკო მომსახურეობაზე შეზღუდვებს უწესებენ. საქართველოში მოქმედი ბანკებიდან „საქართველოს ბანკი“ ირანელებს მხოლოდ გადარიცხვაზე ეუბნება უარს, სხვა სახის მომსახურეობებზე შეზღუდვა არ არის და შესაბამისად ირანელი კლიენტებიც ყავთ. თანხის გადარიცხვაზე თავს იკავებს „პროკრედიტ ბანკიც“. ინტერნეტ-გამოცემა Eurasianet-ის მიხედვით კი, „თი ბი სი“ ბანკი თბილისში მცხოვრებ ირანელებს უარს ეუბნება მიმდინარე ანგარიშის გახსნაზე, თუკი შენატანი 50 000 დოლარზე ნაკლები იქნება. “მიზეზად ბანკმა ფინანსური მიზანშეუწონლობა დაასახელა, რაც სახსრების წარმომავლობის შემოწმების აუცილებლობასთან არის დაკავშირებული“ – წერს EurasiaNet.org და აქვე დასძენს, რომ ყველა ირანელი მას ვინაობის ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა. გაზეთმა „ბანკები და ფინანსები“ არსებული შეზღუდვების შესახებ ეროვნული ბანკისგან პასუხი ჯერ-ჯერობით ვერ მიიღო. EurasiaNet.org-ის მიხედვით, ვაშინგტონმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას შემოიღოს სანქციები, რომელიც განსაზღვრულია 2012 წლის ეროვნული თავდაცვის აქტის 1245-ე მუხლით. 1245-ე მუხლი აშშ-ის პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას შეაჩეროს ან შეზღუდოს იმ უცხოური ბანკების წვდომა აშშ-ის ფინანსურ სისტემებთან, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს ირანის ცენტრალურ ბანკთან ან ისლამური რესპუბლიკის გარკვეულ ფინანსურ დაწესებულებებთან. მაშინ, როდესაც აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური სტრუქტურების მიერ ინფორმაცია არ ვრცელდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველო აშშ-ის „ქცევის წესებით“ მოქმედებს. ერთის მხრივ, 2010 წელს ირანსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი უვიზო რეჟიმი, რომელიც მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობასაც გულისხმობს და მეორეს მხრივ, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გატარება, ბადებს ეჭვს, რომ საქართველო ორმაგ თამშს ეწევა დენთის ორ კასრთან?! პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის აზრით, ირანსა და საქართველოს შორის არსებული ნახევრადგასაიდუმლოებული ურთიერთობები დასავლეთის „პოლიტიკური ნებით“ არის განპირობებული, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ქართველი და ირანელი ბიზნესმენების საქმიანი ურთიერთობები დააზარალა: „თუ გავითვალისწინებთ რეალურ ვითარებას და დასავლეთის პოლიტიკას ირანთან მიმართებაში, ბუნებრივია, რომ დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი კავკასიის რეგიონში საქართველო და მისი ხელისუფლება დამოუკიდებელ თამაშს ვერ ითამაშებს. აქიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ყოველი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმებული აქვს დასავლეთ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, იმ საზღვრებში რომელიც მის სუვერენიტეტს არ ხელყოფს და არ დააკნინებს. ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღება იყო ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკის ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა, რამდენადაც ირანს ძლიერი ეკონომიკა აქვს; ირანი არის ნავთობით და წიაღისეულით მდიდარი ქვეყანა, შესაბამისად განვითარებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურით და აქიდან გამომდინარე ასეთ ქვეყანასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას. ბუნებრივია ეს იყო მთავარი მიზანი. მეორეს მხრივ, მჭიდრო თანამშრომლობა ირანთან ჩვენი ისტორიული ბედისწერაა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ირანი სააუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში, საქართველოს მეზობელია, რომელთანაც არაერთგვაროვანი ურთიერთობა გვქონდა და დღესაც ირანის სახელმწიფო თავისი დღევანდელი საზღვრებით და ადამიანური რესურსებით არის ერთ-ერთი გავლენიანი რეგიონში და მის ფარგლებს მიღმაც. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება უნდა ცდილობდეს მასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას, რომელიც გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის დასავლეთის პოლიტიკასთან, რადგან ის ფაქტობრივად კრძალავს ირანის რეჟიმთან ეკონომიკურ და ფინანსურ ურთიერთობებს. მაგარმ მიუხედავად ამისა, საქართველოსთვის და საერთოდ კავკასიის სახელმწიფოებისთვის დაშვებულია გარკვეული გამონაკლისი. კერძოდ, ირანის ხელისუფლება ყოველმხრივ ახალისებს საქმიანობას კავკასიის ქვეყნებში, მოუწოდებს საქმიან სექტორს კავკასიის სამ ქვეყანასთან თანამშრომლობისკენ, იმ მასშტაბით რის საშუალებასაც ამ ქვეყნების მთავრობები და მათი მოკავშირეები – აშშ, ევროკავშირი და რუსეთი – იძლევიან. რადგან კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნება გარკვეულწილად ამ წამყვანი სახელმწიფოების მიერ არის შეზღუდული. შეიძლება ვივარაუდოთ რომ საქართველოსა და ირანის კეთილმეზობლური ურთიერთობების განმაპირობებელია დასავლეთის სურვილი გააჩნდეს რაღაც ლინკი ირანთან საურთიერთობოდ. უვიზო რეჟიმი თავისუფალი გადაადგილების გარდა გულისხმობს მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას. საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და მართალია ევროკავშირის ეკონომიკასთან ინტეგრაციის და ურთიერთობის ხარისხი საკმაოდ დაბალია, მაგრამ ეს ურთიერთობები რეალურად არსებობს. სწორედ ამიტომ, აშშ-ის მიერ ბოლო წლების განმავლობაში შემოღებულმა სანქციებმა საქმიანი ურთიერთობები ქართველ და ირანელ ბიზნესმენებს შორის დააზარალა.“ საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეს აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაძაბულობა დიდ საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ირანთან, ასევე პარტნიორობას აშშ-თან. მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, რომ აშშ საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პლაცდარმს ირანის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა თუ, რატომ არ „დატუქსა“ აშშ-მა საქართველო „თვითნებურად“ უვიზო რეჟიმის გაფომებისას? ან, საერთოდ მოქმედებს კი საქართველო „თვითნებურად“ და დამოუკიდებლად? პასუხად შეგვიძლია ვივარაუდოთ „თეთრი სახლის სცენარით“ ჩამოყალიბებული ქართულ-ირანული ურთიერთობები. ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა მსგავსი პოლიტიკური ლავირება და დიპლომატიური შუამავლობა შეიძლება ერთადერთი საშუალებაც კი იყოს, მსოფლიოსთვის და მათ შორის აშშ-სთვის, თავისი მნიშვნელობის დემონსტრირებისთვის. თუმცა, აშშ-სა და ირანს შორის მედიატორის როლის მორგება პატარა ქვეყნისთვის საუკეთესო და ამავდროულად ძალზედ საშიში დიპლომატიური იარაღია, რადგან ნებისმიერი არასწორი სვლის შემთხვევაში, ისევე როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტი გამშველებელს „მოხვდება“.



წყარო: http://www.bfm.ge/society/4474-.html

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.