понедельник, 3 сентября 2012 г.

„ზანგი ხომ არ ვარ?!“ ანუ, „რატომ უნდა დავიჩაგრო?!“







თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება დღესასწაულებზე გაცილებით სასიამოვნოა. ქალაქგარეთ გასული მოსახლეობის ფონზე შედარებით მეტი სივრცეა  და მერიის სადღესასწაულო საჩუქარი - უფასო მგზავრობა - კიდევ უფრო  მიმზიდველს ხდის მგზავრობას, მითუმეტეს როცა არსად გეჩქარება...
ასე და ამგვარად, მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ გვესარგებლა ამ „დიდსულოვანი“ აქციით და აღდგომის კვირას, ლამის ფეხის მოტეხვამდე ვირბინეთ, სანამ ავტობუს არ წამოვეწიეთ გაჩერებაზე.
მოლოდინმა გაამართლა. ტრანსპორტში სიცარიელე და სიწყნარე სუფევდა, სანამ ჩვენს წინ ბებია და ორი წლის შვილიშვილი არ დასხდნენ.
ჩვეული ცელქი ბავშვი იყო, აკრძალული ხილი რომ უფრო იზიდავს. ჰოდა, ბებია რასაც კი აუკრძალავდა ის თავგამოდებით ეძალებოდა.
ბებია-შვილიშვილის შეხლა-შემოხლის გასანეიტრალებლად მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ პატარა ცელქი ბიჭი „მიგვეტუქსა“ – „ახლა პატრული მოვა“ - ბავშვების დაშინების ჩვეული ხერხით.
-პატრული დედა ჰყავს და აღარ ეშიანია... - მოგვიბრუნდა ბებია. და შემდეგ, ეტყობა მათთვის ჩვეული, გაცილებით ეფექტიანი მეთოდით სცადა ბავშვის შეშინება: „ახლა ზანგი კაცი მოვა!“
-„ზანგი კაცით“ რატომ ემუქრებით? ასე ხომ, შავკანიანებზე ფობია ჩამოუყალიბდება? - ვერ დავმალე ემოცია, და რასიზმის ქორფა გამოვლინებით აღშფოთებულმა მივმართე ბებიას.
-არა, რომ გაიზრდება არც კი ემახსოვრება...
-მე დღემდე მახსოვს ნადია „ბაბაიაგა“, რომლის კულტითაც სოხუმში, სამი წლის ასაკში მაშინებდნენ თუ არ დავიძინებდი... - ვცადე საკუთარი პოზიციის გამყარება...
მაგრამ ამ შემთხვევაში „პატრულის“ და  ნადია „ბაბაიაგას“ გამონსტრებაზე მეტად თავად რასისტულმა დამოკიდებულებამ აღმაშფოთა.
21-ე საუკუნეში, „თეთრ სახლში“ ბარაკ ობამას პრეზიდენტობამაც  კი სოციუმში სიტყვა „ზანგის“ მსოფლმხედველობა ვერ შეცვალა. და ეს მაშინ, როცა ხმამაღალ პრეტენზიას ვაცხადებთ გლობალურ საზოგადოებაზე.
გაჩერებაზე ჩამოვდივარ იმ ფიქრით, რომ ამაზე აუცილებლად უნდა დავწერო.
უბანში ბავშვები თამაშობენ... შედარებით მოზრდილები პატარა ბიჭს მათთან თამაშს უკრძალავენ... გაბუსხული ბიჭუნა აპროტესტებს, სიტყვებით: „ზანგი ხომ არ ვარ?!“ და აქ ვხვდები სიტყვა „ზანგის“ ქართულ მნიშვნელობას  - „ზანგი ხომ არ ვარ?!“ ანუ, „რატომ უნდა დავიჩაგრო?!“



წყარო: tribuna.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.