вторник, 11 сентября 2012 г.

კათოლიციზმის პოლიტიკური მისია სულხან-საბას ელჩობის დროს

სამწუხაროდ, XVII-XVIII საუკუნეებში, ისტორიულ ჟამთა სიავისა და მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური მიზნების გამო, მოხდა ერთ შემთხვევაში ქართველთა გამუსლიმება და მეორე შემთხვევაში გაკათოლიკება. მოჭარბდნენ ქართველი მაჰმადიანები, ქართველი გრიგორიანელები, კათოლიკები. მართლმადიდებლობა ოსმალთა და სპარსთა მიერ განიხილებოდა არა როგორც უბრალოდ სარწმუნოებრივი აღმსარებლობა, არამედ როგორც მათ წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ორიენტაცია.

საქართველოს, როგორც რუსეთში, ისე ევროპაში გარკვეული წრეები განიხილავდნენ, როგორც რუსეთის პლაცდარმს კონსტანტინეპოლსა და ისპაჰანზე ლაშქრობისთვის. ის, რაც ცნობილი იყო ევროპაში, ცხადია, ცნობილი იყო ირანსა და ოსმალეთში. ამ ქვეყნებში კი, ქართველთა მართლმადიდებლურ ორიენტაციას და საქართველოს, როგორც მართლმადიდებელ ქვეყანას, რუსეთის მიერ ირანის და ოსმალეთის დაპყრობასთან აიგივებდნენ. სწორედ, ამიტომ მაჰმადიანები არცერთ ქრისტიანულ მიმდინარეობას ისე არ დევნიდნენ საქართველოში, როგორც მართლმადიდებლობას.

ქართველი დიდებულების გარკვეული ნაწილი ქართველთა გამაერთიანებელ სარწმუნოებად კათოლიკობას მოიაზრებდა. სწორედ ამ მისიას ემსახურებოდა 1713 წელს მომზადებული ელჩობა კათოლიკურ ქვეყნებში სულხან-საბა ორბელიანის მეთაურობით, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ირანის მიერ ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს იურიდიულად აღიარება, ქართველთა დენაციონალიზაციის შეწყვეტა, ჩრდილო კავკასიელი ტომების გაქრისტიანება მათი შემოსევების აღკვეთის მიზნით და საქართველოს გაერთიანება.

ქართული ელჩობა ამავდროულად ითხოვდა 300 000 ეკიუს გამოყოფას, რაც მათი აზრით საკმარისი იყო ვახტანგ VI-ის ქართლში ქრისტიან მეფედ დაბრუნებისთვის. ამ დიდი თანხის მიღების წინაპირობად კი ისინი ვახტანგის მიერ, ხოლო შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიტიკური თვალსაზრისით კათოლიციზმთან დაახლოებას ასახელებდნენ.

ნიშანდობლივია, რომ ამ ეპოქის მოღვაწეები კათოლიკობას განიხილავდნენ არა როგორც მართლმადიდებლობაზე უკეთეს სარწმუნოებას, არამედ როგორც პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას. მაშასადამე, მათი თვალსაზრისით, იკათოლიკებდნენ “მხოლოდ სიტყვით და არა საქმით”. როგორც ჩანს, ქართველი პოლიტიკოსები, ფიქრობდნენ, რომ ევროპული ორიენტაცია ნაკლებად გააღიზიანებდა ირანს; ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ იმ ეპოქის ქართველები მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას მსგავს სარწმუნოებად მიიჩნევდნენ და კათოლიკეს უწოდებდნენ ჩვეულებრივ მართლმადიდებელი აღმსარებლობის მქონე ადამიანს, რომელიც რომის პაპის პრიმატს აღიარებდა. ქართველები კათოლიკურ ეკლესიაში თავდაპირველად ქართულენოვანი ტიბიკონებით სარგებლობდნენ. ამიტომ ქართველთა “გაკათოლიკებით” ქართული ეკლესია, როგორც ორგანიზაცია თითქოსდა არ ზიანდებოდა. რაც ალბათ სადავო პოზიციაა, რადგან ეს ეგრეთწოდებული პოლიტიკური “გაქრისტიანება”, საბოლოოდ მართლმადიდებელი ეკლესიის დათრგუნვასა და გაუქმებას გამოიწვევდა.

საქართველოში კათოლიციზმის გავრცელების პოლიტიკურ მოტივაციაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ევროპაში გამგზავრების წინ სულხან-საბა 40 დღე დასავლეთ საქართველოში კათოლიკოსთან იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ისინი ერთად სახავდნენ გზებს აფხაზ-ჩერქეზებსა და სხვა ტომებში ქრისტიანობის აღორძინებისათვის.

აღნიშნული ელჩობის შედეგები პოეტურად არის ასახული მუხრან მაჭავარიანის ლექსში “საბა”:

“ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან

ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა.



რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა

იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ…”





წყარო: http://www.ambioni.ge/katolicizmis-politikuri-misia-sulxan-sabas-elcobisas

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.