вторник, 11 сентября 2012 г.

“სახელმწიფოს არასწორი ჩარევის შემთხვევაში მივიღებთ მახინჯ ეკონომიკას”

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან, თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორთან ელგუჯა მექვაბიშვილთან



„ეკონომიკურ თეორიაში არის ასეთი მიმდინარეობა – მერკატილიზმი, რომელიც მე-17-18 საუკუნეთა მიჯნაზე ინგლისში ჩამოყალიბდა. მისი მიმდევარი ეკონომისტები აღიარებდნენ სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში. მერკატილისტების აზრით სიმდიდრე, ფული და ოქრო, საგარეო ვაჭრობაში წარმოიშობა – მეტი უნდა გაყიდო და ნაკლები იყიდო. რაც უფრო მეტი ფული შემოვა ქვეყანაში, მით უფრო მეტი ფული დაგროვდება. ამ მიზნის მისაღწევად ისინი ახალისებდნენ ექსპორტს და ზღუდავდნენ იმპორტს. ამასთანავე, უცხოელ ვაჭრებს აიძულებდნენ ვაჭრობიდან ამოღებული ფული ინგლისში დაეხარჯათ. მათ არ აძლევდნენ ამ ფულის ქვეყნიდან გატანის უფლებას და თუ ვაჭარი მას არ დახარჯავდა, ართმევდნენ ხაზინის სასარგებლოდ. მოგვიანებით, მას დაუპირისპირდა თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა, რომელიც დაახლოებით მე-18 საუკუნის შუა ხანებში ჩამოყალიბდა და მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე გრძელდებოდა. 30-იან წლებში აშშ-ში მიმდინარე „დიდმა დეპრესიამ“, რომელმაც მთელ მსოფლიოზე იქონია ზეგავლენა, წერტილი დაუსვა ბაზრის ავტომატურ რეჟიმში ფუნქციონირებას. შემდეგ აქტუალური იყო კეინზის თეორია ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შსახებ. 70-იან წლებში სახელმწიფოს ჩარევამ ისევ კრიზისი განიცადა და დაბრუნდა ლიბერალური თეორია, თავისი უკიდურესი მიმართულებით როგორიცაა ლიბერტარიანიზმი, რომელიც 21-ე საუკუნემდე გრძელდება.“

”ბ&ფ” ეკონომიკაში მთავრობის ჩარევის შესახებ ეკონომიკის ექსპერტს, თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორს ელგუჯა მექვაბიშვილს ესაუბრა

- ამ დრომდე ჩვენი ხელისუფლების მიერ ლიბერალური ეკონომიკური კურსი იყო გაცხადებული, მმართველი გუნდის ბოლოდროინდელ განცხადებებში კი აშკარად იკვეთება ბიზნესში მთავრობის ჩარევის იდეები. თქვენი შეფასებით რას უკავშირდება ეს? რას ნიშნავს მსგავსი არამდგრადი დამოკიდებულება გაცხადებული კურსისადმი?

- ეს სამაოდ რთული პრობლემაა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც. ბევრის აზრით, მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში მოჭარბებული ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზია ლიბერტარიანიზმი. სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევა-არჩარევა არ არის ცალსახა საკითხი. არის დროის მონაკვეთი, როდესაც ჩარევა იძლევა კარგ შედეგს და პირიქით, არის შემთხვევები, როდესაც ჩარევა იძელვა უკუშედეგს. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეკონომიკაში ჩარევა ნებისმიერ სიტუაციაში არასწორი და არაეფექტიანია, და არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში არის მომგებიანი. რაც შეეხება ჩვენს რეალობას, მოგეხსენებათ დღესაც ვცხოვრობთ გარდამავალი ეკონომიკის პირობებში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა წამოვიდა ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკიდან, სადაც ყველაფერი იყო სახელმწიფო. ამიტომ, ბუნებრივია, საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე, რადგან ადმინისტრაციულმა ეკონომიკამ არ გაამართლა, ლიბერალური ეკონომიკის პრინციპი, ანუ სახელმწიფოს შეზღუდვა იყო გამართლებული. ჩვენ ვიმყოფებოდით ჩამოყალიბების ეტაპზე და სახელმწიფოს შეზღუდვის იდეოლოგია იყო სწორი, რადგან სახელმწიფოს შეუზღუდაობის გარეშე საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ, თანდათანობით, სიტუაციის ცვლილების კვალდაკვალ მიდგომებიც უნდა შეიცვალოს. თუ ეკონომიკაში რეალური ცვლილებების გათვალისწინება არ ხდება, მაშინს ის შედეგის მომტანი არა არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გავიარეთ ის ეტაპი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი პრინციპი იყო სახელმწიფოს ნაკლები ჩარევა ეკონომიკაში, მეტი თავისუფლების მიცემა ბიზნესისთვის და მეწარმეობისთვის. ამ პრინციპმა და პოლიტიკამ რაღაც ეტაპზე იმუშავა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაამართლა და ამიტომ შეიძლება დადგეს კორექტირების საკითხი. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ეტაპზე ეს პოლიტიკა, რომელსაც ლიბერტარიანიზმს უწოდებენ, ამართლებდა მაგრამ ქართულ მაგალითზე ეს იყო დამახინჯებული ლიბერტარიანიზმი. დადგა ეტაპი, როდესაც პოლიტიკის შეცვლა და ჩარევაა საჭირო. ჩვენ არ ვიცით, ეს ჩარევა რა ფორმის იქნება, ჩვენ ვიცით ეს მხოლოდ განცხადების დონეზე. მთავარი არ არის ის, რომ სახელმწიფო ერევა ეკონომიკაში, მთავარია თუ როგორ ერევა, რა არის ჩარევის მიზნები, მექანიზმები და ბერკეტები. მაგალითად, როდესაც სახელმწიფო საკუთრების გადანაწილებაში იღებს მონაწილეობას, ერთს ართმევს და მეორეს აძლევს, ეს არ არის ჩარევა?! მაშინ როდესაც გაცხადებული იყო ლიბერალური ეკონომიკის პრინციპი მთავრობა მაინც ერეოდა, ანუ გაცხადებული იდეოლოგიის პირდაპირ საპირისპიროდ იქცეოდა. რას ნიშნავს ლიბერალიზმი? ეს ნიშნავს, რომ ბიზნესში ყველას უნდა შეექმნას თანასწორუფლებიანი მდგომარეობა და უნდა იყოს სამართლიანი კონკურენცია. მაშინ, როცა საქართველოში აღიარებული იყო ლიბერალიზმი თუ ლიბერტარიანიზმი, არ ხდებოდა კონკურენციის შეზღუდვა?! ყველა სუბიექტი თანაბარ მდგომარეობაში იყო?! გამოდის, რომ სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევას უკვე ჰქონდა ადგილი – ამდენად ამაში ახალი არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ახლა ამას გაცხადებულის ფორმა მიეცა. თუ სახელმწიფო იმის ლეგალიზაციას ახდენს, რაც ადრე კეთდებოდა, ეს ძალიან ცუდია. მაგრამ, თუ ამ განცხადებაში ნაგულისხმებია, რომ სახელმწიფო შეუწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას, შექმნის ბერკეტებს, რომელიც ბიზნესის წახალისებისკენ იქნება მიმართული, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ, თუ სახელმწიფო კვლავ ჩაერევა ქონების გადანაწილებაში, დაუშვებს მონოპოლიის არსებობას, დავა სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის გადაწყდება სახელმწიფოს სასარგებლოდ, მაშინ ახალი კურსი არ გაამართლებს და ეს იქნება იმის მახინჯი პრაქტიკა რაც აქამდე გვქონდა.

- ქვეყნის განვითარების არსებულ ეტაპზე გაამართლებს თუ არა, ან მისაღებია თუ არა სახელმწიფოს ღია ჩარევა ეკონომიკაში?

- სახელმწიფოსა და ბაზრის ურთიერთობას აქვს ორი მხარე: ბაზარი და სახელმწიფო. ეს ურთიერთობა ახლა დამოკიდებულია სახელმწიფოზე, ბაზარს თავისი ფუნქციონირების ობიექტური კანონზომიერებები აქვს. ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაერევა ეკონომიკაში. ჩაერევა ბიზნესის საზიანოდ და თავის სასარგებლოდ, თუ ბიზნესის ინტერესების რეალიზაციებიდან გამომდინარე. ბევრი რამ არის დამოკიდებული კადრებზე, ადამიანებზე, ვინც ატარებენ ამ პოლიტიკას, სახელმწიფოს დიდი ძალა გააჩნია და მას შეუძლია ეს ძალა გამოიყენოს პოზიტიურად და ნეგატიურად. თუ ის პოზიტიურად გამოიყენებს, მაშინ ის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ეკონომიკის განვითარებაში, თუ ნეგატიურად გამოიყენებს მაშინ ის ეკონომიკის ფუნქციონირებას დაარღვევს და ბიზნესის განვითარებას შეუშლის ხელს.

- პრემიერ-მინისტრის კურს უკვე უწოდეს საბჭოთა მოდელი. სახელმწიფო კომერციული სტრუქტურების შექმნა გულისხმობს თუ არა სოციალიზმში დაბრუნებას? რამდენად მისაღებია მსგავსი მიდგომები ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის?

- ჩვენ სოციალიზმში ვეღარ დავბრუნდებით, ეს გამორიცხულია. თუმცა ჩვენ შეიძლება მივიღოთ მახინჯი ეკონომიკა, რომელიც არც კაპიტალისტური, არც საბაზრო და არც ადმინისტრაციულ-მბრძანებლური იქნება. სოციალიზმში დაბრუნების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ის რომ ჩვენ, არასწორი ჩარევის შემთხვევაში, როგორიც მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნებშია, მივიღებთ მახინჯ ეკონიმიკას – საბაზრო ეკონომიკის სუროგატს, რომელიც ფორმით საბაზროა და შინაარსით ძალიან უახლოვდება ადმინისტრაციულ-მბრძანებლურს. ეს არაა სოციალიზმი, მაგრამ ეს არც კაპიტალიზმია. ეს სიმახინჯეა, რომელიც ჩვენთან უკვე ჩამოყალიბდა, და რომლის გაღმავების და „სრულყოფის“ შანსი არსებობს. თუმცა სოციალიზმის დაბრუნება არარეალურია, ჩემი აზრით ეს ბელეტისტიკაა.

- რამდენად სწორია სახელმწიფო კომერციული სტრუქტურების მეშვეობით საზღვარგარეთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანა, მაშინ როდესაც ქვეყნის შიდა ბაზარზეც ხილ-ბოსტნეულის მძაფრი დეფიციტია? ნიშნავს თუ არა ეს ნაბიჯი, რომ პრობლემის მოგვარებას ბოლოდან ვიწყებთ? რეალურად პროდუქციის გატანაშია დღეს პრობლემა თუ მის წარმოებაში?

- სახელმწიფო კომერციულმა სტრუქტურამ, რომელიც შიქმნება, შეიძლება იმუშაოს ქვეყნის შიდა და გარე ბაზარზეც. ჩვენ, მთავარია, უზრუნველვყოთ სოფლის მეურნეობის განვითარების ნორმალური შესაძლებლობა. საქართველოს ხელისუფლების რეალური ზრუნვის პირობებში სოფლის მეურნეობას აქვს იმხელა შესაძლებლობა, რომ მან აწარმოოს იმდენი პროდუქცია, რომ მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილება და ექსპორტიც. თუ იქნება სტრუქტურები, რომლებიც გლეხებს დაეხმარებიან თავიანთი წარმოების ექსპორტირებაში, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუმცა ეს არ უნდა იყოს განმსაზღვრელი მიზანი. ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობამ უნდა შეასრულოს ორი ფუნქცია, უნდა ითამაშოს იმპორტშემცვლელი წარმოების როლი, ანუ უნდა ჩაანაცვლოს უხარისხო და ხშირშემთხვევაში ადამიანისთის მავნებლური პროდუქცია, რომელიც დღეს ბაზარზეა, ჩვენი გაცილებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით. პირველად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სოფლის მეურნეობის წარმოების აღორძინებაზე, ხოლო შემდეგ ამ პროდუქციის სასარგებლოდ განაწილებაზე. ახლა მთავარია როგორმე დანგრევის პირამდე მიყვანილი მეურნეობის გადარჩენა. იმ სირთულეებს, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობაშია ძალიან კომპლექსური მიდგომა და მენტალიტეტის, რომელიც ჩვენთან სოფელთან მიმართებაში გაუკუღმართებულია, შეცვლა დასჭირდება.

- მთავრობა პრიორიტეტულ დარგებად სოფლის მეურნეობას და ტურიზმს ასახელებს, თუმცა ამ სექტორებში 2011 წელს ჯამში მთლიანი ინვესტიციების 3%–ზე ნაკლები ჩაიდო, ასევე, ბანკებმა მთლიანი სესხების მხოლოს 0,5% გასცეს სოფლის მეურნეობაზე და დაახლოებით ამდენივე ტურიზმე. რა შეფასებას გაუკეთებდით ამ ფაქტს? ნიშნავს თუ არა ეს, რომ მთავრობის პრიორიტეტები და ზოგადად მისი ჩარევა ეკონომიკაში არასწორად ხდება?

- ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ რეალობა განსხვავდება დეკლარაციებისგან. ცალ-ცალკე სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განხილვა არ შეიძლება. ტურისტმა, რომელიც საქართველოში ჩამოდის, თუ მიირთვა ბრაზილიური ქათამი, თურქული კარტოფილი და ა.შ. მის მიერ მოტანილი ასეთი ფულის დიდი ნაწილი ისევ უცხოეთში გავა. განვითარებულ ტურიზმს სჭირდება განვითარებული სოფლის მეურნეობა. ამიტომ, არ არის მთავარი ის თუ რას ვამბობთ დეკლარაციის დონეზე, მთავარია საქმე. უნდა შეიქმნდას სახელმწიფოს მონაწილეობით საგარანტიო სისტემა, რომელიც კომერციული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემულ კრედიტებს დააზღვევს და ამით რისკის ხარისხს შეამცირებს, რადგან მათი მხრიდან კრედიტის გაცემა ამ სფეროში რისკთან არის დაკავშირებული. სწორედ სახელმწიფომ უნდა შექმნას ის ინფრასტრუქტურა, სადაც ერთის მხრივ თვითონ სახელმწიფო მოგვევლინება კრედიტორის როლში და მეორეს მხრივ მან უნდა წაახალისოს კომერციული სტრუქტურები, იგივე საგარანტო ფონდების შექმნით და ა.შ., რომ ბანკებმა და სხვადახვა კომერციულმა საკრედიტო ორგანიზაციებმა გასცენ კრედიტები უკვე სასოფლო სამურნეო ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებზე და მათ ჰქონდეთ გარანტია, რომ ეს სესხები არ დაეკარგებათ და უკან დაუბრუნდებათ. ამ შემთხვევაში გაცხადებული პოლიტიკური კურსი და ეკონომიკური ღონისძიებები პრაქტიკულადაც დაემთხვევა ერთმანეთს.



http://www.bfm.ge/banks/4439-..html

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.