понедельник, 7 января 2013 г.

განათლება ქართულად


დეკემბერია. საძულველი სამაგისტრო პროგრამის მესამე სემესტრი დასასრულს უახლოვდება, სულ რამდენიმე დღეში გამოცდების განრიგსაც გამომიკრავენ და დასრულდება კი არა, აღსრულდება! ( სამაგისტრო ნამუშევარს თუ არ ჩავთვლით).
არაერთხელ უკითხავთ რატომ ჩააარე თუ არ გინდოდაო.
ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის აღების შემდეგ, ჩემშიც გაიღვიძა „მეტიჩრობამ“ – „დედიკო და მამიკოს მაგისტრის დიპლომიანი გოგო უნდა ვიყო“, და ღამენთევი რისი ვაივაგლახით ავედი სასოფლო უნივერსიტეტის კიბეებზე სამაგისტრო ზოგადი უნარების ჩასაბარებლად. 48 ქულა ავირე, ანუ სახელმწიფო დაფინანსება ვერ მივიღე. საბუთები თსუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე, მედია და ახალ  ტექნოლოგიებზე,  შევიტანე და დათქმულ დროს მაღლივის ბიბლიოთეკაში შიდა გამოცდის ჩასაბარებლად მივედი. საგამოცდო საკითხად, თავისუფალი ესეს სახით, საქართველოში ჟურნალისტური ეთიკის დახასიათება მომივიდა.
რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ საგამოცდო დარბაზში გეომეტრიული სიზუსტით განლაგებული სტუდენტების და იშვიათად ფურცლის გაშრიალების მიუხედავად დავიწყე, minore ლექციაზე, ქალბატონი მარინას საუბრის გახსენება ჟურნალისტური ეთიკის შესახებ. მეექვსე კორპუსის გადაჭედილ აუდიტორიაში, მეოთხე კორპუსში აფრენილი  ბუზის ხმაც კი ისმოდა ხოლმე.
ქსერო-ასლიც კი გამახსენდა, რამდენიმე გვერდიანი კონსპექტი იყო. აი, კიდევ ერთი უკიდურესობა ქართული სწავლის სტილში - კონსპექტები, ქსეროქსები, რომელთაც არასდროს ვკითხულობთ.
ისევ ჟურნალისტური ეთიკა!  ავტობუსში ფეხზე მდგომი ვკითხულობ რაღაცას და ჰოი საოცრებავ, გამახსენდა რომ საქართველოში ჟურნალისტური ეთიკის ნორმები ვაი რომ არ არის დაცული და გამოცდას ვაბარებ.
შემდეგი ეტაპი - გასაუბრება.
-თათია ხომ? რატომ ეს სფერო? - მეკითხება ბ-ნი, სახელი არ მახსოვს და მიღიმის. ოთხი სხედან და ჩემს პასუხს ელოდებიან.
პირევლი კურსის პოლიტოლოგიის წარუმატებელი კონფერენცია მახსენდება, სადაც მომზადების მიუხედავად ვერ შევძელი წარმატებული პრეზენტაციის ჩატარება. მოგვიანებით კიბეებზე ჩამომჯდარს და მუხლებზე ნიკაპჩამოდებულს მოხუცი პროფესორი (როგორც შემდეგ გავიგე) მომიჯდა გვერდით. საიდან მიხვდა? ეტყობა შუბლზე მეწერა, რომ ტრიბუნასთან ავბლუკუნდი. დამარიგა, საკუთარი თავის პრეზენტაციისას წარმოიდგინე, რომ სადმე ყანაში იმყოფები, გარშმომყოფები კი კვახები არიანო,  და ისაუბრე გაბედულად და კომპლექსების გარეშეო. დიახ, სწორედ ასე მითხრა, კვახებიო!
ისევ გასაუბრებას დავუბრუნდები. ნეტავ იცოდეს იმ პროფესორმა რამდენჯერ დამეხმარა მისი რჩევა ცხოვრებაში და ალბათ კიდევ ბევრჯერ დამეხმარება.
„რატომ ეს სფერო?“ რა შეკითხვაა?! როგორ ავუხსნა, რომ სულით გაზარმაცებული ჟურნალისტი ვარ?! ბანალურია? კი!  ჯანდაბას, ხომ გაეცინებათ რომ ვუთხრა პატარაობისას სარკესთან ვიდექი  დედის სავარცხლით და გადაცემა მიმყავდათქო. გაეცინებათ? გაეცინოთ!
მოკლედ, კვახებად წარმოდგენა არ შევკადრე, მაგრამ სრული თავისუფლებით მოვყევი თუ „რატომ ეს სფერო“. ერთის უემოციო სახე, აი ისეთი, ცხვირზე კოღო რომ დააჯდებათ და  მაინც  არ იცვლიან გამომეტყველებას. მეორე თავაუღებლად რაღაცას წერდა. მესამე, როგორც მახსოვს ბორდის „მთავარსარდალი“ იყო და ბოლოს შეკითხვის ავტორი, რომელიც დანიშნულების გარეშე მიღიმოდა.
მოკლედ, ჩავაბარე.
თუმცა იმ ეტაპზე ჩემმა ხელფასმა სწავლის საფასური ვერ გადაჩრდილა და ამდენად, „ნანატრი“  მაგისტრის ხარისხი მოგონებებს მიბარდა.
მთელი ერთი წელიწადი ვფიქრობდი, რომ საქართველოში არასდროს ვისწავლიდი. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე ჩამებარებინა რომელიმე „ჯანდაბას სულ ერთია ოღონდ პროგრამა იყოს“ სპეციალობაზე, რომ სტუდენტის სტატუსით ქვეყნიდან გასვლა უფრო გამიოლებოდა.
გასული წლის ზოგადი უნარების ქულით და შიდა გამოცდამდე ზუსტად ორი კვირით ადრე, აქაოდა შიდადაფინანსების მოპოვების სურვილით, ჩავიკეტე სახლში და მოცემული სპეციალობის ყველა ბილეთი შევისწავლე.
არ თქვათ რომ მონდომება არ ჭრის!  99 ქულა და 100%-იანი დაფინანსება ავიღე.
რომ მცოდნოდა, ქვეყნიდან გასვლას მაინც ვერ შევძლებდი, და მითუმეტეს რომ მცოდნოდა რა მელოდა, ალბათ ასე ძალიან არ გამიხარდებოდა.
აღმოჩნდა, რომ სპეციალობა ზუსტი გათვლით ამირჩევია. არცერთი პრედენდენტი და ერთადერთი სტუდენტი დაახლოებით 100 კვ.მ-იან აუდიტორიაში.
წელიწადნახევარი ლექციებზე სიარული მხოლოდ პატივისცემის ნიშნად და ლექციებზე ყოფნისას ბლოგის  წერა.
მოკლედ, საზღვარგარეთ სასწავლებლად ვერ წავედი L და მხოლდო მესამე სემესტრში გავაცნობიერე რომ მაგისტრის პასუხისმგებლობა ლოდივით მაწვა კისერზე.
ადრიან დილით ლექციებისთვის მაღვიძარით გაღვიძებული იმ ბავშვებზე ვფიქრობდი, რომლებსაც ამ სპეციალობაზე ძალიან უნდოდათ სწავლა, მაგრამ დაბალი ქულების ან(და) გრანტის ვერ აღების გამო ვერ შეძლეს. მე კი, გარემოებების გამო კი არ ვსწავლობდი, არამედ მივეთრეოდვსწავლობდი.
ბოლოს ლექციაზე შესულმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ გავაცნობიერე თუ რატომ არ მესმოდა ლექტორის მისალმება და საუბარი ტუჩების მოძრაობის მიუხედავად. ექვსიოდე წუთის შემდეგ მივხვდი რომ ყურთსასმენები თურმე ჯერ არ მომეხსნა და აი, მანდ შემრცხვა. მართალია თმებმა ყურთსასმენები დამალა, მაგრამ მაინც შემრჩხვა. შემრცხვა ლექტორის, უნივერსიტეტის, ბავშვების რომლებიც სწავლაზე ოცნებობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ საკუთარი თავისაც კი შემრცხვა. სწორედ იმ წუთს გავაცნობიერე (ეს უკვე მერამდენედ!), რომ საქარველოში სიტყვა სწავლის მსგავსი ჩემთვის არ იარსებებდა.
სანატრელ ქვეყანაში, სანატრელი განათლების მიღების და ხსნის იდეა ვერ შედგა. ახლა, როცა ბოლო სემესტრის გამოცდებისთვის კიდევ ერთხელ უნდა გავიზუთხო ის რაც საერთოდ არ მაინტერესებს და შემდეგ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა  დავიწყო, რომლის სახელწოდებაც კი არ მახსოვს, ვხვდები რომ ორიდან ერთია - ან ძალიან შარში ვარ, ან ძალიან გამიმართლა და ქართული პრიმიტიული აზროვნებისთის სასურველი, მიზანშეწონილი და რომელიმე თაროზე შემოსადები „ერთი მაგისტრის ხარისხი მაინც როგორ არ უნდა ჰქონდეს“ მაქვს.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გამიხარდება ამ  ხარისხის აღება - ის, არც მეტი არც ნაკლები, სწავლის დამთავრების მანიშნებელი იქნება!
უკანმოუხედავად ჩამოვალ კიბეებიდან!

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.